შესაძლოა, სოციალური ბარი „გენერატორი 9.8“ დაიხუროს

 
„გვითხრეს, რომ 1 წლის განმავლობაში დავკეტოთ „გენერატორი“ -  ათონელის ქუჩაზე მდებარე სოციალური ბარი „გენერატორი 9.8“ შესაძლოა, დაიხუროს. ამის შესახებ „ლიბერალს“ სოციალური საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატალია ქენქაძემ განუცხადა.  ქენქაძის თქმით, ბარის დახურვის საჭიროების შესახებ 27 თებერვალს თბილისის მერიასთან არსებული ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებისგან შეიტყო. „27 თებერვალს ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ 10 მარტიდან უნდა შევწყვიტოთ საქმიანობა, იყვენენ თბილისის განვითარების ფონდიდან“, - ამბობს ქენქაძე როგორც „გენერატორის“ დამფუძნებელი ამბობს, „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები ბარის დახურვას ათონელის ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაციის მიზნით მოითხოვენ, თუმცა „გენერატორის“ თანამშრომლებმა ბარის დახურვის აუცილებლობაზე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს. „ახლა იწყებენ ათონელის ქუჩაზე სამუშაოებს, კონკრეტული თარიღი არ უთქვამთ, მაგრამ ზოგადად რომ იგეგმებოდა, ეს ვიცოდით. არასდროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ უნდა დაკეტილიყო. ჩვენს მსგავსად ბევრი პატარა ბიზნესია და ყველას 2 კვირით ადრე გვატყობინებენ, რომ უნდა დაიწყოს რენოვაცია და უნდა დაიკეტოს. აქამდე რომ დაკეტვა აუცილებელი იქნებოდა, არავის არ უხსენებია, ჩვენ გვქონდა ისეთი აღქმა -  ხარაჩოები იქნება, მაგრამ მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ იჯარით გვაქვს ეს ადგილი აღებული და მფლობელიც ასე გვეუბნებოდა“, - ამბობს ნატალია ქენქაძე როგორც ნატალია ქენქაძე ამბობს, ალტერნატიული ფართის შეთავაზების შემთხვევაშიც, მათთვის კომპენსაციაც საჭირო იქნება „ამ ეტაპზე მერიასთან გვჭრდება აქტიური კომუნიკაცია და მერიის მოქმედებაა საჭირო. ასევე კომპენსაცია, რადგან, თუ რაიმე ფართს ვიპოვნით, სადაც დროებით შეგვიშვებენ, იქ სამუშაო პირობების შექმნა, რელოკაცია... ამ ყველაფერს ხარჯი აქვს რაც ჩვენ არ გაგვაჩნია“, - ამბობს ქენქაძე „გენერატორი 9.8“ არაკომერციული, უფასო საერთო სამუშაო სივრცე და სოციალური ბარია, რომელსაც სოციალური საწარმოს ფორმა აქვს. „გენერატორი“ „მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრმა“  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის  განვითარების ფონდის დაფინანსებით დააარსა. „გენერატორის“ დამფუძნებლის თქმით, ბარის დახურვის შემთხვევაში, 20-მდე ადამიანი დარჩება უმუშევარი. „20-მდე ადამიანი დარჩება უმუშევარი, 25-მდე სტაჟიორი/მოხალისე. ამდენი სახელმწიფოს თანხა უბრალოდ გაქრება, ყოველდღიურ რეჟიმში ვუწევთ ორგანიზებას სოციალურ ივენთებს - ხალხი მოდის და ვუთმობთ უფასო სივრცეს. დღის განმავლობაში საერთო სამუშაო სივრცე გვაქვს, სადაც არასამთავრობოები, სტარტაფები და ფრილანსერები მოდიან და იყენებენ უფასოდ სამუშაო სივრცეს მთელი დღის განმავლობაში, ეს ყველაფერი უბრალოდ გაქრება, ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი რესურსი გვაქვს ჩადებული, რომ ეს სრულიად უსამართლოა“, - ამბობს ნატალია ქენქაძე „ლიბერალმა“ თბილისის განვითარების ფონდს მიმართა, თუმცა მეორე დღეა, ფონდი შეკითხვებზე არ გვპასუხობს.