შრომის დეპარტამენტი - „რუსთავის აზოტის" ადმინისტრაცია კომპრომისული ნაბიჯებისთვის მზადაა
შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ „აზოტის ქარხნის" ადმინისტრაცია მზადაა, კომპრომისული ნაბიჯები გადადგას ქარხნიდან დათხოვნილი თანამშრომლების მოთხოვნების შესასრულებლად. თუმცა, კონკრეტულად, რა ნაბიჯებზეა საუბარი, უცნობია. ელზა ჯგერენაიას თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, ვინც სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებებს იცავს.
„კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კომპანია, ჯერჯერობით, ვერ გავახმაურებ. მედიაციის პროცესი მიმდინარეობს; სახელმწიფო ჩართულია ორივე მხარესთან დიალოგში და მათ კონსენსუსის მიღწევაში ეხმარება. მთავარია, მათ შორის აღდგეს ურთიერთობა. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ, როგორ მოიქცეს კომპანია და დასაქმებული; უბრალოდ, ვთავაზობთ დავის მოგვარების ოპტიმალურ გზებს", - ამბობს დეპარტამენტის უფროსი.
ჯგერენაიასვე თქმით, მოლაპარაკებები მიდის არა მხოლოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, არამედ იმ თანამშრომლების ბედზეც, ვინც დარჩა ქარხანაში, მაგრამ ახალ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი: „კომპანია დაგვპირდა, რომ გადაიხედება შრომის ხელშეკრულებები და ახალი ხელშეკრულებები პროფკავშირების ჩართულობით შემუშავდება".
პროფესიული კავშირების წარმომადგენელი, გოჩა ალექსანდრია "ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, გათავისუფლებულებს 3 თვის განმავლობაში კომპენსაციის სახით 500-500 ლარი გადაუხადოს, ასევე მისცეს მეცამეტე ხელფასი, დაახლოებით 500 ლარი და პლუს, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს დაუნიშნოს პენსია, რომელიც 25-30 ლარის ოდენობისაა. რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, ვისაც ხელშეკრულებები გაუფორმეს, ალექსანდრიას თქმით, კომპანია აცხადებს, რომ პროფკავშირების ჩართულობითა და მონაწილეობით, გადაიხედება ამ ხელშეკრულებებით გაწერილი ვალდებულებები. დაბოლოს, კომპანია აცხადებს, რომ სამსახურში მხოლოდ ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ დააბრუნებს.
"თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებების შედეგად ვიცით. კომპანია მხოლოდ ამ სამ ძირითად მოთხოვნის შესრულებაზეა თანახმა, მაგრამ ესაც წერილობით სანამ არ გაფორმდება, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება".
„რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშები კი მე-12 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად დილიდან საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან იყვნენ შეკრებილები. სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა და პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნაა მათი საწარმოში უპირობო დაბრუნება.
როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, სამსახურიდან დათხოვნილი მუშები სასამართლოში სარჩელის შესატანად დოკუმენტაციას აგროვებენ და იურისტებთან კონსულტაციას გადიან.
„კარგია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა მუშებთან მოლაპარაკებაზე წამოვიდა და მათ კომპენსაციისა და ერთი თვის ხელფასის გადახდას სთავაზობს, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და აქციებს მათი სამსახურში აღდგენამდე არ შევწყვეტთ", - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
პარალელურად, რუსთავის აზოტის თანამშრომლების აღდგენის მოთხოვნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს გაცხადებას, მათ შორისაა, International Eurasian Metalworkers Federation-ის პრეზიდენტი, პევრულ კავლაკი და გენერალური მდივანი მეჰმედ სოიუპეკი, რომლებიც მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, „რუსთავის აზოტის“ 350 გათავისუფლებული მუშის მხარდასაჭერად.
წერილი იმავე ტექსტით მიიღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
მხარდაჭერა გამოუხატა ქარხნიდან გათავისუფლებულებს ინდუსტრიაში დასაქმებულთა გლობარული კავშირის IndustriALL Global Union-ის გენერალურმა მდივანმა, ვალტერ სანჩესმაც. ის საქართველოს პრეზიდენტისგან გიორგი მარგველაშვილისგან მოითხოვს, ჩაერიოს რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების საქმეში და რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობის მხრიდან შეჩერდეს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა. გენერალური მდივანი წერს, რომ „აზოტში“ მძიმე სამუშაო პირობებია, ხოლო საწარმოში დარჩენილ მუშებს წვრილი შრიფტით დაწერილი „5-გვერდიანი კონტრაქტების ხელწმოწერას აიძულებენ“. განცხადებაში წერია, რომ მუშებს არ აძლევენ შესაძლებლობას, გაეცნონ კონტრაქტის პირობებს. სანჩესი სთხოვს პრეზიდენტს, რომ მთავრობამ აღადგინოს სამუშაოზე 350 დათხოვნილი მუშა, ასევე სასწრაფო წესით გაუქმდეს ახალდადებული კონტრაქტები.