შშმ პირთა პანსიონატების ნაწილში მდგომარეობა კვლავ უცვლელია - ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა სპეციალურად წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 26 ივნისს აღინიშნება.
ანგარიში დახურული ტიპის დაწესებულებებში, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, შშმ პირთა პანსიონატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
შშმ პირთა პანსიონატების მონიტორინგი
2016 წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, ძევრის, დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატები შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი არსებით გამოწვევებს ქმნის შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით.
ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გარესამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად.
"შემაშფოთებელია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევას."
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მის მიერ სპეციალურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში, პანსიონატების ნაწილში ვითარება არსებითად არ შეცვლილა.
ანგარიშის თანახმად, მძიმე შეზღუდვის მქონე პირების, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების მქონე პირების ერთდროულად მართვის ბერკეტი ადმინისტრაციას არ გააჩნია, ბენეფიციარებს შორის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების გავრცელებული ფორმაა მათი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან მუქარა გადაყვანაზე.
რამდენიმე დღის წინ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.