შშმ პირთა საკითხზე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული „ლიბერალის“ ბლოგია
„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ:
ბეჭდური მედიის ნომინაციაში გამარჯვებულია გამოცემა „ლიბერალის“ ბლოგერის, ივეტა წიტაშვილის ბლოგი - „ნატკენი მუხლი".
საუკეთესო ტელესიუჟეტის ნომინაციაში კი ორი კონკურსანტის ჟურნალისტურმა მასალამ გაიმარჯვა - „რუსთავი2-ის" ჟურნალისტის, გიორგი გვიშიანის ტელესიუჟეტმა - „ბულინგი სკოლაში" და ანა მეზვრიშვილის ტელესიუჟეტმა - „რა პრობლემები ექმნებათ შშმ პირებს სამუშაოს ძიების დროს და რა სტერეოტიპები არსებობს მათ შესახებ".
გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
კონკურსი რადიოსიუჟეტების კატეგორიასაც ეხებოდა, თუმცა ჟიურის წევრებმა ამ შემთხვევაში, საუკეთესო მასალის გამოვლენა ვერ შეძლეს. ამიტომ „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა" შშმ საკითხებზე, კონკრეტულად რადიოების ჟურნალისტებისთვის თავიდან გამოაცხადა კონკურსი. პირობები შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე.
"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" ევროკავშირის მხარდაჭერით 2013 წლიდან ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამას.
ამავე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდულად მედიის წარმომადგენლებთან ცნობიერების და ცოდნის ამაღლების მიზნით მუშაობს.