შსს: ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების  დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  დაშავებულია 4 ადამიანი, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.  ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.  მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა  40 შეტყობინება.  „ყველა  შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს  სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ​ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების  წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების  დაზიანების ფაქტებს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას  გულისხმობს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.    ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო  პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა  უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე  ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.    ფოტო: აჭარის ტელევიზია