„შსს, დაიწყე ბოდიშით“ - გორში ჟურნალისტ გვანცა დოლუაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

 
დღეს გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორის გვანცა დოლუაშილის სასამართლო პროცესია. გორის სასამართლოსთან ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.  „შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერის „მკვლელი ქუჩაშია" გამო, ითხოვს. გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დასაჯოს პროტესტი, რომელიც მოსწავლის მკვლელების დაუსჯელობის გამო, საზოგადოებაში არსებობს. მან გადაწყვიტა, სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის დასჯით, გვაჩვენოს, საკუთარი ძალა და გავლენა.  ვისთვისაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, დააშინოს და შეავიწროოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგული ადამიანები, ხვალ ვიკრიბებით გორის რაიონულ სასამართლოსთან.  ჩვენი მიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ყოველთვის დავიცავთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანების უფლებას, უსაფრთხოებას და ინტერესებს", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.