შსს გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების გამკაცრდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს  მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გამკაცრდება შემოწმება  ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე: "მედიასაშუალებებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის შესახებ, თითქოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გამკაცრდება შემოწმება და მათზე გავრცელდება ქულების შემცირება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ. გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას". - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.