შსს-მ „თიბისი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომლის დაყაჩაღების სავარაუდო მონაწილეები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა „თიბისი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომლის დაყაჩაღების სავარაუდო მონაწილეები დააკავა.
უწყების განმარტებით, დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.
შსს-ს განცხადებით, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს.
„პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე“.
უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).