შსს-მ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის აშშ-ს მიერ ძებნილი პირი თბილისში დააკავა

 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა. ტეხასის შტატის მიერ 2018  წლიდან ძებნილი, აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში,  გორკის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს; 21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს  გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.