შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი  პირი დააკავა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ  მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით  დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის  შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის  მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების  შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე  - დაბა ბაკურიანში დააკავეს“,- ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ  ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს.