შურისძიება / რეცენზია
ვანესა სპრინგორა 14 წლის იყო, როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა. წლების შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით „თანხმობა“, რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ - „სექსუალურ, ლიტერატურულ და ფსიქიკურ“ - განზომილებაზე მოგვითხრობს.
გაბრიელ მაცნეფი თითქმის ყოველდღე, ნაშუადღევს, სკოლასთან იდგა და ვანესას ელოდებოდა. ზამთარში ოქროსფერღილებიანი ფარაჯა ეცვა, გაზაფხულზე - ქამრიანი სამხედრო პიჯაკი. მზის სათვალე ყველა დროსა და ამინდში ეკეთა. ცნობილი მწერალი იყო და ამის დასამტკიცებლად ჯიბით საფრანგეთის პრეზიდენტის წერილს დაატარებდა. მისი საყვარელი სკოლაში სწავლობდა. 1986 წელს თავად ორმოცდაათი წლის უნდა გამხდარიყო, ვანესა კი - თოთხმეტის. ეს ყველაფერი თეატრალურ დადგმას ჰგავდა და შესაძლოა, მისი კოსტიუმებიც ხაზს უსვამდა ფარულ მგზნებარებას, რადგან ეს რომანი შემზარავად საჯაროდ გათამაშდა და არავინ აღმოჩნდა მათ გარემოცვაში, ვინც საჭიროდ ჩათვლიდა, ამ ურთიერთობას წინ აღდგომოდა. ვანესას დედა შვილის საყვარელს ვახშამზე ეპატიჟებოდა; ვანესას მასწავლებლები ზედმეტ კითხვებს არ სვამდნენ; პოლიციას არაფერი უღონია, როცა განყოფილებაში ამ ურთიერთობის შესახებ ანონიმური წერილი შევიდა; მაცნეფის გამომცემლები ყოველწლიურად აქვეყნებდნენ წიგნებს, სადაც ის „მესამე სქესისადმი“ თავის ლტოლვაზე ჰყვებოდა - „მესამე სქესი“ მაცნეფის ტერმინია და ნიშნავს „პატარა გოგო-ბიჭებს, 10-იდან 16 წლამდე“. ამავდროულად, ექიმმა, რომელსაც ვანესამ თავის შიში გაუმხილა სექსის დროს პენეტრაციის შესახებ (აქამდე მაცნეფს მასთან სოდომური ურთიერთობა ჰქონდა), როცა ის ბავშვთა საავადმყოფოში მწვავე ინფექციურ დაავადებაზე მკურნალობდა, საქალწულე აპკი ჩაუჭრა, რომ ამ შიშისგან გათავისუფლებულიყო და „სექსისგან მიღებული სიამოვნებით დამტკბარიყო“.
„სექსუალური ძალადობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანებზე, საუბედუროდ, საყოველთაოდაა გავრცელებული, მაგრამ ამ ამბავში საფრანგეთს ის გამოარჩევს, რომ აქ ეს ყველაფერი სრული დაუსჯელობისა და დუმილის ფონზე ხდებოდა. ის კი არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ოჯახი ან ინსტიტუცია დაეცვათ, არამედ იცავდნენ ლიტერატურულ ფიგურას, რომელიც კულტურული პირამიდის თავში მოაქციეს“, - ამბობს სპრინგორა.
პროკურატურამ დაიწყო მაცნეფის საქმის გამოძიება, რაც სპრინგორასა და სხვა ბავშვებს უკავშირდება. მისი სასამართლო მალე, სექტემბერში, შედგება, სადაც სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ. მაცნეფი 84 წლის ასაკშიც აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მისმა რომანმა სპრინგორასთან „დროს გაუძლო და საუცხოო იყო“. არადა, ზრდასრულ ასაკშიც უმწარებდა ვანესას ცხოვრებას მისი ადრეული წერილების გამოქვეყნებით და სამსახურში თავზე დადგომით. მაგრამ, როგორც იქნა, სახელმწიფომ მაცნეფს შეუჩერა საკმაოდ მსუყე პენსია, რაც, ზოგადად, ხანში შესულ ხელოვანებზე ვრცელდება. 2002 წლიდან მოყოლებული ამ დაფინანსებამ 160,000 ევროზე მეტი შეადგინა.
„ვფიქრობ, ჩემი წიგნი შესაფერის დროს გამოვიდა. 5 წლის წინ მას, ალბათ, თაროზე შემოდებდნენ“, - აღნიშნავს ვანესა.
სპრინგორა მაცნეფს წვეულებაზე შეხვდა, სადაც ის დედასთან ერთად იყო. როცა დესერტის დრო დადგა და ყველის ჩამოტარება დაიწყეს, მან მთელი ყურადღება სპრინგორაზე გადაიტანა, რომელიც კუთხეში მოწყენილი იჯდა და ბალზაკს კითხულობდა. მოგვიანებით ის სახლში ვანესას დედამ წაიყვანა. „ხელი ჩემს ხელზე ჰქონდა მობჯენილი, თვალები - ჩემკენ მოპყრობილი და სახეზე დიდი, ოქროსფერი, გარეული კატის ღიმილი დასთამაშებდა“, - წერს სპრინგორა. ამის მერე იყო წერილები, ფირუზისფერი მელნით დაწერილი. წიგნის წერა რომ დაიწყო, სპრინგორა, რომელიც გამომცემლობა „ჯულიარდის“ (Julliard) ხელმძღვანელია, ნერვიულობდა, რომ მისი ამბავი დროში სრულიად აცდენილი იქნებოდა - სამოციანი წლების მშობლები, დედის მეთვალყურეობის გარეშე გატარებული შუადღეები და სექსუალური რევოლუციის შემდგომი მიშვებულობა (ერთადერთი წესი ის იყო, რომ აკრძალული იყო აკრძალვები).
უძილობის გამო, როგორც წესი, ღამღამობით წერდა, ინიშნავდა ფრაგმენტებს ბლოკნოტში, რომელიც საწოლთან ედო. „მინდოდა, ლიტერატურის ისტორიაში ჩემი კვალი დამეტოვებინა. ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ განზრახვა ის იყო, რომ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ფონზე დაბადებულიყო ეს წიგნიც, რომელიც სულ სხვა რამეს მოჰყვებოდა“, - ამბობს სპრინგორა.
„მერე გამოსავალი თითქოს თავისით გამოჩნდა. რატომაც არ გავაბათ მონადირე მისსავე დაგებულ ხაფანგში? რატომ არ დავესხათ თავს მისსავე მოედანზე - წიგნის ფურცლებიდან?“ - წერს სპრინგორა.
მისი ფრაზები ლითონივით ელავს; თითოეული თავის ბოლოს ელვის უსწრაფესად ჩარაზული ურდულის სასტიკი ჯახუნი ისმის. და რაც უფრო უკეთ წერს, მით მეტად თავისუფლდება თვითონაც.
გამოყენებულია ფრაგმენტები ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული წერილიდან.
აქვე გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან.
სხვა კულტურული გარემო და ნაკლებად ხელის შემწყობი ეპოქაც გადამწყვეტი იქნებოდა.
გ.-სთან შეხვედრამდე ათიოდე წლით ადრე, სამოცდაათიანი წლების ბოლოს, უამრავი მემარცხენე გაზეთი და ინტელექტუალი გამოესარჩლა საჯაროდ რამდენიმე ზრდასრულს, რომლებსაც მოზარდებთან „დანაშაულებრივ“ ურთიერთობაში დასდეს ბრალი. 1977 წელს „ლე მონდში“ დაიბეჭდა არასრულწლოვანებსა და ზრდასრულებს შორის სექსუალური ურთიერთობის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი ღია წერილი „ერთი პროცესის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერდნენ გამოჩენილი ინტელექტუალები, ცნობილი ფსიქოანალიტიკოსები და ფილოსოფოსები, დიდების მწვერვალზე მყოფი მწერლები, ძირითადად მემარცხენეები. მასში ამოიკითხავდით ისეთ სახელებს, როგორებიცაა: როლან ბარტი, ჟილ დელეზი, სიმონ დე ბოვუარი, ჟან-პოლ სარტრი, ანდრე გლუკსმანი, ლუი არაგონი... ღია წერილი აპროტესტებდა სასამართლო პროცესამდე იმ სამი მამაკაცის წინასწარ პატიმრობას, რომლებმაც სექსუალური კავშირი დაამყარეს ცამეტი და თოთხმეტი წლის არასრულწლოვანებთან (და ფოტოსურათები გადაიღეს). „სკანდალურად მიგვაჩნია ასეთი ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა „ზნეობრიობასთან“ დაკავშირებულ საქმეზე, სადაც ბავშვები არანაირი ძალადობის მსხვერპლნი არ ყოფილან, პირიქით, გამომძიებლებს აუხსნეს, რომ ისინი თანახმა იყვნენ (მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება ამჟამად სავსებით უარყოფს მათ უფლებას თანხმობაზე)“, - შეგვიძლია, ამოვიკითხოთ ამ ტექსტში.
ასეთი საეჭვო შინაარსის ტექსტების გამოქვეყნებიდან ოცდაათი წლის თავზე ყველა გაზეთი ერთმანეთის მიყოლებით წერილობით მოიხდის ბოდიშს. მედია თავისი ეპოქის უბრალო ანარეკლიაო, იტყვიან თავის გასამართლებლად.
რატომ იცავდნენ მემარცხენე ინტელექტუალები თავგამოდებით პოზიციას, რომელიც დღეს ესოდენ შოკისმომგვრელად გვეჩვენება? კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებას ზრდასრულთა და არასრულწლოვანთა სექსუალური ურთიერთობების თვალსაზრისით, აგრეთვე სექსუალური ზრდასრულობის გაუქმებას?
საქმე ისაა, რომ სამოცდაათიან წლებში სექსუალური რევოლუციისა და სქესობრივი თავისუფლების სახელით ადამიანები თავს ვალდებულად თვლიდნენ, ნებისმიერი სხეულის თავისუფალი სიამოვნების უფლება დაეცვათ. უწლოვანთა სექსუალობის ჩახშობა სოციალურ ჩაგვრად აღიქმებოდა, ხოლო სექსუალური ურთიერთობების შემოსაზღვრა ერთი ასაკის ინდივიდებით სეგრეგაციის ერთგვარ ფორმად მიიჩნეოდა. ამ პერიოდის მოწოდებად, შეიძლება, ჩაითვალოს სურვილების დატყვევებისა და ჩახშობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლა. ამას არავინ ეწინააღმდეგებოდა, გადამკვდარი მორწმუნეებისა და რეაქციონერული სასამართლოების გარდა.
სწორი გზიდან გადახვევა და თავის დაბრმავება - ამ პეტიციების ხელმომწერთა უმრავლესობა მოგვიანებით ამისთვის ბოდიშს მოიხდის.
ოთხმოციანი წლების შუაში ის გარემო, რომელშიც გავიზარდე, სამყაროს ჯერ კიდევ ასეთი ხედვით იყო დაღდასმული. დედა გამომიტყდა, რომ მისი მოზარდობისას სხეული და მისი სურვილები ტაბუდადებული თემები იყო და მშობლებს მასთან სექსუალობაზე არასოდეს უსაუბრიათ. 1968 წელს მხოლოდ თვრამეტი წლისა იყო, როდესაც ჯერ ასეთი აღზრდის მარწუხებისგან მოუწია თავის დაღწევა, მერე კი - სიყმაწვილეში გათხოვილს - აუტანელი ქმრის ბატონობისგან. გოდარისა და სოტეს ფილმების გმირების მსგავსად, ყველაზე მეტად ის უნდოდა, საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა. „აკრძალულია აკრძალვა“, უდავოდ, დედაჩემის უმთავრეს მანტრად დარჩა. დროის გავლენისთვის თავის დაღწევა იოლი როდია.