„შვილმა გვითხრა, რომ პარიზში სწავლას მერია უფინანსებდა" - პროკურორმა თანხა დააბრუნა

 
ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურორმა. ლეონიდ გერგედავამ შვილის სწავლის მიზნით პარიზში საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა თბილისის მერიას დაუბრუნა. „ინტერპრესნიუსთან" საუბარში გერგედავამ აღნიშნა, რომ მერიის მიერ გამოყოფილი თანხის დასაბრუნებლად ბანკიდან სესხი აიღო. „მას შემდეგ, რაც ჩემთვის ტელევიზიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი დაფინანსდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და ვინაიდან აღნიშნული სტატუსი არ შეესაბამება სიმართლეს, მივიღე გადაწყვეტილება, ბანკიდან გამოვიტანე სესხი და აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დავაბრუნე,“ - აცხადებს გერგედავა. პროკურორმა განმარტა, რომ მისი ქალიშვილი თბილისის მერიაში მუშაობდა და როდესაც უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად თანხის მობილიზება დაიწყეს, თანხის ნაწილის მოძიებაში მერიამ მიიღო მონაწილეობა. „თამარმა მე და დედამისს გვითხრა, რომ სამსახური უფინანსებდა საფრანგეთში გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილს. მე ჩავთვალე, რომ თბილისის მერიას ჰქონდა გარკვეული სახის პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. ამის გამო არ დავინტერესებულვარ, თბილისის მერია რა ფორმით და რა დოკუმენტაციით მოახდენდა თანამშრომლის დაფინანსებას. რა თქმა უნდა, რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, რადგან მეც და ყველა ვინც მე მიცნობს, ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი ტკივილი,“ - აღნიშნავს გერგედავა. ლეონიდ გერგედავამ სახელმწიფო ბიუჯეტში 5 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარიც გამოაქვეყნა. გუშინ ნიკა მელიამ თბილისის მერიის მიერ ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ელდარ გერგედავას შვილის სწავლის მიზნით პარიზში ცხოვრების დასაფინანსებლად 5 400 ლარის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თბილისი მერიის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია, გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით. „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია" - ნათვქმია მერიის განცხადებაში.