სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა

 
რა ნაბიჯები გადაიდგა სისხლის სამართლის პოლიტიკის გასაჯანსაღებლად? იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებზე მიუთითებენ.   “შეიზღუდება პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება. გამოძიებისა და სისხლის-სამართლებრივი დევნის ეტაპზე ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება.” “გაძლიერდება ადვოკატურის ინსტიტუტი, რათა სრულად ამოქმედდეს შეჯიბრებითობის პრინციპი და ბოლო მოეღოს პროკურორის დიქტატს გამოძიების ეტაპზე და სამართალწარმოების პროცესში.” “უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მოხდის რეჟიმის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა სრული დაცვა.” “ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯება მათი საქმეები.” “გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან შენახვისათვის.” “დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი.” ესაა ამონარიდები პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამიდან. შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გაჯანსაღების დაპირება პროგრამის პრიორიტეტების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახლდათ. ეს იმით იყო განპირობებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სისხლის სამართლის პოლიტიკა ამომრჩევლის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა. რა ნაბიჯები გადაიდგა სისხლის სამართლის პოლიტიკის გასაჯანსაღებლად თუნდაც საარჩევნო პროგრამის პრინციპების დონეზე? იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებზე მიუთითებენ. ადვოკატი დავით ასათიანი კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თავმჯდომარეა. ის “ლიბერალთან” სამართალწარმოების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე საუბრობს: “ის, რომ ყველა დანაშაულზე პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას აღარ ითხოვს, და მის მაგიერ გირაოს ან თავდებობას იყენებს, ხოლო რიგ შემთხვევაში ამ ღონისძიებას საერთოდ აღარ მიმართავს, დადებითი ტენდენციაა”. იურისტის თქმით, სასამართლო პრაქტიკაც შეცვლილია და პროკურატურის მოთხოვნა, წინასწარი პატიმრობა გამოეყენებინათ ბრალდებულის წინააღმდეგ უფრო და უფრო ნაკლებად კმაყოფილდება. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შთანთქმის ან ნაწილობრივ შთანთქმის პრინციპით შეიცვალა. “სასჯელთა შეკრებითობის გამო პარადოქსულ შედეგს ვღებულობდით _ რამდენიმე ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენს უფრო დიდი სასჯელი გამოსდიოდა, ვიდრე ერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულს. ეს კი საზოგადოებაში უსამართლობის განცდას ტოვებდა.” _ ამბობს ასათიანი. ახალი პრინციპი  ერთგვაროვანი დანაშაულის რამდენჯერმე ჩადენისას უმაღლესი სასჯელის მიერ დანარჩენების სრულად ან ნაწილობრივ შთანთქმას გულისხმობს. შეკრებითობის პრინციპის გაუქმება არ ნიშნავს, რომ მსჯავრდებულებს, რომელთა სასჯელები ამ პრინციპით დაითვალა, პატიმრობის წლები ავტომატურად ჩამოაკლდებათ. თითოეულმა მათგანმა, სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა მიმართოს და საკუთარი საქმის გადახედვა ითხოვოს. ამ უფლების შესახებ ყველა პატიმარი ინფორმირებულია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქმის გადახედვას ითხოვს, რაც საკმაოდ შრომეტევადი და დროში გაწელილი პროცესია. საპროცესო შეთანხმების დროს გამოყენებული თანხის ზედა ზღვარი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ნარკოპოლიტიკა ჯერ კიდევ რჩება ჩვენი კანონმდებლობის სუსტ წერტილად. ნარკომომხმარებლებისადმი ეროვნული სამართალდამცავი სისტემის მიდგომა საბჭოთა კავშირის დროინდელს უფრო ჰგავს. იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ მუშაობას განაგრძობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. აღსანიშნავია, რომ 25 ივნისამდე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი იუსტიციის სამინისტრო იყო. მინისტრი კი ქვეყნის პირველ პროკურორად ითვლებოდა. თუმცა, უკვე ერთი კვირაა, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ყველაზე მაღალი იერარქიის პროკურორად მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი იქცა. ცხადია, იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება დარჩა, თუმცა ეს უფლებამოსილება იმ დონის არ არის, რაც სამინისტროს ერთი კვირის წინ გააჩნდა. ადვოკატების აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, დაცვის მხარისა და პროკურატურის თანაბარ პირობებში ჩაყენება იყო. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ შეჯიბრობითობის პრინციპი დაინერგა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურორი და ადვოკატი პროცესზე თანასწორ სუბიექტებს უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა მაშინ, როდესაც პროკურატურა სახელმწიფო უწყებაა, გააჩნია ბევრი შესაძლებლობა და რესურსი, ხოლო ადვოკატები კერძო პირები არიან და მათი რესურსები პროკურატურისას არც კი შეედრება, საკანონმდებლო გარანტიებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ასეთი გარანტიების დაბლოკვამ გამოიწვია ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის მკვეთრად კრიტიკული რეაქცია, რაც მის მიერ ხელისუფლებისადმი მიმართულ ღია წერილში გამოიხატა: “სამართლიანი სასამართლოს პრინციპები გაწერილია ევროპული კონვენციის 6 მუხლში "სამართლიანი სასამართლოს უფლება". რაც გულისხმობს, რომ "სამართლიანი სასამართლოს უფლება" ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება და პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს იგი ხალხისთვის. ევროპული კონვენციის 6 მუხლის თანახმად სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ვინც არ იცით რა არის მხარეთა თანასწორობა გეტყვით, რომ ეს არის პროკურორების და ადვოკატების თანასწორუფლებიანობა. პარლამენტის სხდომაზე, თქვენ მხარი დაუჭირეთ ადვოკატის უფლებების შეზღუდვას და პროკურორის უფლებების გაზრდას” _ წერს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი. საუბარია ჩხრეკისა და ამოღების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე, რაც ადვოკატებს 2014 წლამდე გადაუვადდათ. გადავადდა მოწმის სასამართლოში დაკითხვის ახალი წესიც, რომელიც ადვოკატებს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნდათ. ეს ცვლილებები თავდაპირველი განზრახვით 2013 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, როდესაც ჩხრეკისა და ამოღების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება დაკანონდება, მაშინაც კი ამოღებული მტკიცებულება გამოსაკვლევად ჯერ პროკურორს უნდა გადაეცეს. `ეს წარმოუდგენლად არამართებული მიდგომაა”, _ ამბობს ადვოკატი. მისი აზრით ეს წესი დაცვის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედებს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში წამებისა და წამების მსხვერპლთა უფლებები უაღრესად აქტუალურია, საპროცესო კანონმდებლობა ამ კუთხით სრულიად მოუწესრიგებელია. ეროვნული კანონმდებლობით მსხვერპლს რაიმე მნიშვნელოვანი უფლება არ გააჩნია. არ შეუძლია გამოძიების მასალების მოპოვება. არ აქვს უფლება რომ წავიდეს სასამართლოში და გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მის მწამებელს ვთქვათ, ექვსი თვე მიესაჯა (რაც მოხდა კიდეც ე.წ. `ციხის ჯალათების~ საქმის წარმოების დროს) წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პრემიერ-მინისტრ - ბიძინა ივანიშვილს, იუსტიციის მინისტრ - თეა წულუკიანს და პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილს მიმართავს და ითხოვს “განისაზღვროს წამების მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება. ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებთან ჰქონდეს პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, წამებისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ განმცხადებელი, მსხვერპლი დაზარალებულად მიჩნეულ იქნეს  განცხადების გაკეთების მომენტიდანვე.” ხელისუფლების ცვლილებიდან ზუსტად ცხრა თვე გავიდა. შესაძლოა კამათის საგანი იყოს თუ რამდენად შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში ისეთი ყოვლისმომცველი სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორიც სისხლის სამართლის პოლიტიკაა, თუმცა ნათელია, დინამიკა დადებითთან ერთად მრავალ უარყოფით ტენდენციასაც შეიცავს.   სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია “ციხის საერთაშორისო რეფორმა” და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.