სკოლის ინსპექტირებაზე, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 
პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. „ლიბერალს" პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებენ პროკურატურაში. ............. ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.