სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ხე-ხილის ბაღებზე გზა გაჰყავთ

 
„გზად რა ნარგავებიც შეხვდათ, ისიც მოჭრილია“, - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი. სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ხე-ხილის ბაღებზე გზა გაჰყავთ. გამგებლის ინფორმაციით, სამუშაოები გუშინ დაიწყო  და დღესაც გაგრძელდა. მისი თქმით, ძირითადად, გზის ფორმის ტრანშია გაჭრილი. როგორც ონიაშვილი აღნიშნავს, იყო შემთხვევები, როდესაც ამ ნაკვეთებიდან საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს და ტექნიკაც წაართვეს, ამიტომ მოსახლეობა აღნიშნული ნაკვეთების დამუშავებას ერიდებოდა. „მაგრამ, თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია და მოსახლეობა ასე თუ ისე საძოვრად მაინც იყენებდა“, - თქვა გამგებელმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვითარებას აკვირდება და მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებენ სუსში.