სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, სამართლდამცავებმა სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს. ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება, რომ სოფელში ტელევიზიის წარმომადგენელი ჟურნალისტები შევიდნენ. შესასვლელთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს.
დღეს ხურვალეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი წერდა, რომ სოფელში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის ყანებში შევიდნენ.
სოფლის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ ქართველ სამართალდამცავებს. ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები დავით ქაცარავა და გიგა მაქარაშვილი, ასევე - ანტისაოკუპაციო მოძრაობის სხვა წევრები.
მათი ინფორმაციით, პოლიცია სოფელში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს ჟურნალისტებს და სხვა პირებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, იულიუ დრაგიჩმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია აკვირდება ვითარებას დიდ ხურვალეთში.
„ე.წ. საზღვრის გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია და უსაფრთხოების წარმომადგენლებიც ადგილზე არიან, მაგრამ ახალი ინციდენტი არ დარეგისტრირებულა. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი“, - აცხადებს დრაგიჩი.