“სქესობრივი განათლების არარსებობით ისევ ჩვენი ახალგაზრდობა და ქვეყანა ზარალდება”

 
რას ფიქრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეები და სასულიერო პირები სასკოლო პროგრამაში სქესობრივი განათლების შეტანაზე? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გულფარი მაჰმუდოვა ფიქრობს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში  სქესობრივი განათლების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია: „კარგი იქნება, თუ ბავშვებს სასკოლო ასაკიდან ასწავლიან, რა არის უსაფრთხო სექსი, კონტრაცეფცია  და როგორ უნდა დაიცვან თავი გადამდები დაავადებებისგან.” „სკოლაში, ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან გარკვეულ ინფორმაციას ვიღებდით, მაგრამ არასრულად. მახსოვს, როგორ ცდილობდნენ ჩემი კლასელი ბიჭები, რომ  გოგონებისგან გაეგოთ, რა იყო მენსტრუაცია. ახლა ამ ყველაფერს ბავშვი თუ სკოლაში ისწავლის, ძალიან კარგი იქნება,“ - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ლემან სულეიმანოვა.   ემინ იადიგაროვი მიიჩნევს, რომ  სრულყოფილი სქესობრივი განათლება ბავშვმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღოს: “არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეულის ანატომიის შესახებ არაფერი იციან. ასეთ ადამიანებს შემდეგ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. რა თქმა უნდა, ბავშვმა სკოლის ასაკიდანვე უნდა იცოდეს ყველაფერი საკუთარი სხეულის ორგანოების აგებულებისა და ფუნქციების შესახებ.“ 2 შვილის დედა, გულთაქინ სულეიმანოვაც მომხრეა, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა სქესობრივი განათლებაც მიიღონ: „ჩვენ გვრცხვენია შვილებთან სიტყვა „სექსის“ თქმა, ბავშვები კი საკუთარ კითხვებზე პასუხებს Google-ში ეძებენ. კარგი იქნება, თუ ისინი ყველა საჭირო და სანდო ინფორმაციას სქესობრივი ურთიერთობის შესახებ სკოლაში მიიღებენ.“ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი მიიჩნევს, რომ სკოლაში სქესობრივი განათლების დანერგვამ შესაძლოა, ბავშვებს ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობებისკენ უბიძგოს: „ასეთი საგნის სკოლაში შეტანა დაუშვებელია. საჭირო და აუცილებელ სქესობრივ განათლებას გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანი იღებს. სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდებას შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს: ბავშვებმა სწავლის ინტერესი დაკარგონ და სქესობრივი ურთიერთობის სურვილი ადრეულ ასაკში გაუჩნდეთ. ამას კი ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება არასრულწლოვნებში.“ “საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა გაერთიანების” თავმჯდომარე, ლეილა მამადოვა ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრომ სკოლაში სქესობრივი განათლების დანერგვა დააგვიანა: „თუ ბავშვები მიიღებენ სქესობრივ განათლებას და ეცოდინებათ, რომელ ასაკშია სქესობრივი ურთიერთობა გამართლებული, რა არის უსაფრთხო სექსი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს  ნაადრევ ან ახლონათესაურ ქორწინებას, ეს მხოლოდ კარგი იქნება. სქესობრივი განათლების არარსებობით ისევ ჩვენი ახალგაზრდობა და ქვეყანა ზარალდება.” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასკოლო პროგრამაში სქესობრივი განათლება არ შედის. სქესობრივი განათლების ფარგლებში, რომელიც ბევრი განვითარებული ქვეყნის სასწავლო პროგრამაში ცალკე საგანია, ბავშვები იღებენ ინფორმაციას ადამიანის ანატომიაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხო სექსზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსა და სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანი - “მე და საზოგადოება” უნდა დაინერგოს. საგანმა, რომლის სწავლებაც მესამე-მეოთხე კლასებშია გათვალისწინებული, ბავშვებს ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გავრცელებული მოსაზრებით, ამავე საგანში სქესობრივი განათლების შესახებ გარკვეული ინფორმაციის შეტანაც იყო დაგეგმილი. სწორედ სქესობრივი განათლება გახდა ერთ-ერთი ის მთავარი მიზეზი, რის გამოც სკოლებში ამ საგნის შეტანას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ახალი საგნის - “მე და საზოგადოება” სახელმძღვანელო ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ და ამას 2018-2024  წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამტკიცებული სტანდარტებიც მოწმობს, საგანში - “მე და საზოგადოება” სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაცია არ შედის. ნურანა მამადი