სტრადივარის და გვარნერის ვიოლინოების ჟღერადობის საიდუმლო, სავარაუდოდ, ამოხსნილია

 
ეს უძველესი ვიოლინოები დეტალურადაა შესწავლილი (ფორმა, დეკას სისქე, ხის შემადგენლობა, ლაქი, წებო), თუმცა მათი უნიკალური ჟღერადობის საიდუმლო, დღემდე ამოუცნობი იყო. ახლა კი ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარღვევას მიაღწეს. კვლევის შედეგები ჟურნალში Angewandte Chemie გამოქვეყნდა. მათ მთელი ყურადღება ზედა დეკასკენ მიმართეს, რომელიც ინსტრუმენტის აკუსტიკაზეა პასუხისმგებელი და გაირკვა, რომ სტრადივარის და გვარნერის ხის დამუშავების საკუთარი, უნიკალური მეთოდი გააჩნდათ, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. კერძოდ, საიდუმლო ქიმიურ დამუშავებაშია, განსაკუთრებულ მარილებში, რომლითაც ისინი ხეს ამუშავებდნენ და ამით მას დამატებით მექანიკურ სიმტკიცეს და აკუსტიკურ უპირატესობებებს სძენდნენ. ანალიზის კომბინირებული მეთოდის წყალობით (სპექტროსკოპიის ჩათვლით), მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საიდუმლო შემადგენლობაში სხვა ნივთიერებების გარდა შედიოდა ბორაქსი (ნატრიუმის ტეტრაბორატი), თუთიის და სპილენძის სულფატები, კვასცები და კალციუმის ჰიდროქსიდი. ამ ნივთიერებების შემცველობა (მათ უძველესი დროიდან იყნებდნენ), არამხოლოდ ხეს ინახავდა უკეთ, არამედ ინსტრუმენტებს განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებდა. ამასთანავე, ხე, რომლითაც ინსტრუმენტს ამზადებდნენ, ნივთიერებათა ამ შემცველობით არამხოლოდ გარედან იფარებოდა, არამედ კარგად სველდებოდა მასში. კრემონის სკოლის ოსტატების, ანტონიო სტრადივარის და ჯუზეპე გვარნერის მიერ შექმნილი უძველესი ვიოლინოები მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ჯერჯერობით, ვერავინ შეძლო მათი ოსტატობის სიმაღლეებისთვის მიეღწია. დღეს მსოფლიოში ამ ორი ოსტატის მიერ შექმნილი მხოლოდ რამდენიმე ასეული ვიოლინოღა დარჩა. ისინი ძალიან ძვირი ღირს და მიუხედავად ამისა, მუსიკოსები, ზოგჯერ წლობით ელოდებიან ასეთი ვიოლინოს შეძენის შანსს. მართალია, მეცნიერების ჯგუფმა ერთგვარი ნათელი მოჰფინა ამ ვიოლინოების შექმნის საიდუმლოს, თუმცა ინსტრუმენტების დამუშავების ძველი ტექნიკის სრულ ამოცნობაზე, ჯერჯერობით საუბარიც არ არის.