სუსი სირიაში საქართველოს 2 მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს
სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა, - ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარგოშვილი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ომარ მარგოშვილი საქართველოდან 2015 წელს წავიდა თურქეთში, საიდანაც სირიაში გადავიდა. მას პანკისში ორი ოჯახი ჰყავს. ომარ მარგოშვილს ერთ ცოლთან 7, მეორესთან კი 3 შვილი დარჩა.
„ყველამ ვიცოდით, რომ სირიაში იყო, თურქეთშიც იმ მიზნით წავიდა, რომ სირიაში გადასულიყო. თავიდანვე მათი მიმდევარი იყო. ოჯახმა სცადა დაეყოლიებინა, რომ არ წასულიყო, მაგრამ თქვა, არ გავჩერდებიო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავმა, თამარ მარგოშვილმა.
სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრის დაღუპვის შესახებ გუშინაც გავრცელდა ინფორმაცია. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ცნობით, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ასლანბეგ ბორჩაშვილიც თურქეთში 2015 წელს წავიდა, შემდეგ კი სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.
როგორც „ლიბერალს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და „მას შემდეგ რაც დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება, მოგვიანებით შეგატყობინებთ“.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50-მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც: თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.