თალაკვაძე: ამოღებულია 30-ზე მეტი ჩანაწერი; ბაქოს ჟურნალისტის დაკითხვის მოთხოვნით მივმართეთ

 
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის თქმით, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 30-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამოიღეს. მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა აზებაიჯანის მხარეს მოთხოვნით, რომ ქართველ გამომძიებლებს მუხთარლის გამოკითხვის საშუალება მიეცეთ აზერბაიჯანში.  „სასამართლო განჩინებებით უკვე ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ტომარა რომ მოგეხსნათ, ბატონი შალვა (ხუციშვილი) დეტალურად მოგიყვებოდათ ამის შესახებ. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით. იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული იმ მონაკვეთში. ესეც სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ, თუ ვინ, როდის იმყოფებოდა იმ მოკვაეთში. ასზე მეტი ადამიანია დაკითხული ამ საქმეზე და კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი. საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუფთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. და ეს დაკითხვის ოქმიც დაერთოს საქმეს" - თქვა თალაკვაძემ. იგი მუფთარლის გატაცების საქმეში ქართული მხარის ჩართულობას გამორიცხავს.  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა „არჩევანის“ ეთერი იმის გამო დატოვა, რომ მასში მონაწილე ჟურნალისტებმა და ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ აფგან მუხთარლისადმი სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოცმული ტომარა არ მოიხსნა.