თალაკვაძე: მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემის 2024 წლისთვის გაუქმების შესახებ ვმსჯელობთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის გაუქმდეს, თუ 2024 წლისთვის. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობასა და მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციები ჰქონდა.
„ჩვენ პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად შეიცვლება. უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება.
ვმსჯელობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე, კონკრეტულ თარიღზე, თუმცა ის, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება, ამაზე შეთანხმება მიღწეულია“, - ამბობს თალაკვაძე.