თამარ ხორბალაძე მაღლაფერიძეს: პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ვიზუალი დისკრიმინაციული იყო
საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრაზე MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ხორბალაძემ ყურადღება ვასილ მაღლაფერიძის მიერ რეფორმის პრეზენტაციისას წარმოდგენილ ვიზუალიზაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გეგმაზე ნაჩვენები ძველი და ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალი დისკრიმინაციული იყო.
„ძალიან კარგად მესმის, რომ ოპტიმიზაცია და რეფორმა ნამდვილად გასატარებელია, მაგრამ რა არ მესმის: შესაძლოა, ეს სტილისტიკისა და გემოვნების საკითხად მიიჩნიოს ვიღაცამ, მაგრამ პირველ პრეზენტაციაზე თქვენ გამობრძანდით და გვაჩვენეთ ძველი და ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალი, რაც ტელევიზიაში ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია დისკრიმინაციასთან ბრძოლა. აღნიშნული ვიზუალი კი არის აქ დასაქმებული ადამიანების დისკრიმინაცია, რადგან ისინი გამოიყვანეთ კონკრეტული ჯგუფის სახით და ასევე - აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთა დისკრიმინაცია, რომლებიც გამოიყვანეთ, როგორც წარუმატებლობის, მომავლის არმქონე ადამიანების ნიმუში“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მაუწყებლის რეფორმირების გეგმა საზოგადოებას ორშაბათს წარუდგინა და შესაბამისი ვიზუალიზაცია პრეზენტაციაში გამოიყენა.