თამარ სანიკიძე: კიდევ ერთხელ განვმარტავ, რას ვგულისხმობთ გერმანულ მოდელში

 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განათლების გერმანულ მოდელზე ისაუბრა. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეხება, ძირითადად, პროფესიული განათლების საკითხებს. გერმანული სისტემა არის დუალური განათლების მოდელი, რაც ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში ძირითადი ადგილი უჭირავს დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, ანუ ინდუსტრიას, რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება. ეს არის ნამდვილად წარმატების საწინდარი იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე", - აცხადებს  განათლების მინისტრი. სანიკიძის თქმით, საქართველოში ახალი ინვესტიციების, ახალი კომპანიების შემოსვლას მოსდევს ახალი პროფესიების შეცნობა, ისეთის, რაც დღემდე ბაზარზე არ არსებობდა. „ამ მოდელში იგულისხმება უფრო დიდი აქცენტი საწარმოო პრაქტიკაზე და, რომ უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული დამსაქმებელი. ეს არის ის დუალური მოდელი, რომელზეც ვსაუბრობთ. არ გავიგოთ იმგვარად, რომ მოდელი პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ და განვახორციელოთ საქართველოში, მაგრამ შესაძლებელია, დუალური საგანმანათლებლო სისტემიდან იმ ელემენტების წამოღება, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება კერძო სექტორის, დამსაქმებლის ჩართულობას საგნმანათლებლო პროცესში. იმიტომ. რომ ეს არის რაც შემდგომში, მართლაც, უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ მაჩვენებელს. ძალიან კარგად ვიცით, რომ პროფესიული განათლების რეფორმა 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს იყო ძირითადად რეფორმა, რომელიც ემსახურებოდა სისტემის გამართვას, რადგან ის მთლიანად იყო მოშლილი - ინფრასტრუქტურიდან დაწყებული პროგრამით დამთავრებული. ამის გაკეთება, სისტემის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც 2013 წელს, მაგრამ დღეს, როდესაც ინფრასტრუქტურა არის გადაიარაღებული, როდესაც ახალი სტანდარტები და მათზე მორგებული მოდულარული პროგრამები გვაქვს, სადაც უკვე ჩართული იყო დამსაქმებელი, ახლა შეიძლება სისტემის მოტრიალება ისე, რომ რეფორმის ძირითადი ეტაპი განხორციელდეს უკვე სისტემურად, ერთი  კონკრეტული სისტემა ჩამოყალიბდეს. ამას გულისხმობდნენ გერმანული დუალური სისტემის დანერგვისას", - თქვა თამარ სანიკძემ.  16 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება.  გერმანული მოდელი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან