თამარ სანიკიძე თსუ-ში სტუდენტებს ხვდება

 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თსუ-ში სტუდენტებს ხვდება. „აქ იმიტომ მოვედი, რომ გადმომცეს, სტუდენტები მზად არიან ჩემთან  შესახვედრად. ჩვენ დაველაპარაკებით სტუდენტებს, რექტორს, ადმინისტრაციას“, - უთხრა ჟურნალისტებს სანიკიძემ. როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იტყობინება, მინისტრის მისვლის შესახებ ისაუბრა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ. რექტორი მინისტრის უნივერსიტეტში მისვლას მიესალმება. „მინისტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროს კურირებს. უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო კი სამინისტროა. როცა უნივერსიტეტში ხდება ის, რაც ხდება, მოვლენების მიმართ მინისტრის ინტერესი ბუნებრივია“, - თქვა ლადო პაპავამ. გუშინ განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა სტუდენტებს უთხრა, რომ განათლების მინისტრი მზად იყო სტუდენტების სურვილის შემთხვევაში, მათ შეხვედროდა. დღეს სტუდენტებმა მინისტრთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს.