თავდაცვის სამინისტრო კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავს

 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გული გაუჩერდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.