თავდაცვის სამინისტრო: უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცლებული ინფორმაციის მიხედვით, „უწმინდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა".
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. პატრიარქმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ილია II-ს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც, პატრიარქის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის.
„ჩვენ ვემზადებით სინოდის სხდომისთვის, სადაც ერთ-ერთი საკითხი იქნება, საკვირაო სკოლები. კვირას და კვირის სხვა დღეებში, დღის მეორე ნახევარში, შეისწავლიან საღვთო სჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ხელობას, მშენებლობას, ან საოჯახო საქმიანობას. ეს, ძალიან საჭიროა. ადამიანი ჯარიდან რომ წავა, მან უნდა შეინახოს თავისი ოჯახი“.- განაცხადა პატრიარქმა.
ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო უსახსოვრეს, რომელიც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან გახლავთ.