თავდაცვის სამინისტრომ „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ ტანკი, ტროტილი და დეტონატორები გამოყო

 
„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-8 სეზონის პირველი სერიის გადაღებისთვის, თავდაცვის სამინისტრომ შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენს“ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და მასალა გამოუყო. მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2183 განკარგულების მიხედვით, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის“ გამოყოფილი მასალების ჩამონათვალი ასეთია: ტანკი „T-72“ – 1 ცალი; ავტომანქანა „კრაზი“ – 2 ცალი; ტოიოტა „ჰაილუქსი“ – 1 ცალი; აკმ-ის ფუჭი ვაზნა - 300 ცალი; ლპს-ის ფუჭი ვაზნა - 100 ცალი; საველე ფორმა (ხალათი, შარვალი, კეპი, მაისური, ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი) - 3 ცალი; M-4-ის ფუჭი ვაზნა - 1000 ცალი; THR-0,454 გ-იანი ბლოკი (ტროტილი) - 20 ცალი; კაფსულა დეტონატორის კდ-8 (ალუმინის გარსით) – 70 ცალი; ტორტილი (პლასტიდი PHF-89) – 1 ცალი; სადეტონაციო ზონარი M-456 – 100 მეტრი; საკვამლე კოჭა M-18 -20 ცალი; საკვამლე კოჭა (თეთრი) – 24 ცალი; როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენმა“, სამინისტროს აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, 2 301 ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი სახის მასალა  ტელეკომპანია GDS-საც გადასცა. როგორც შესაბამისს განკარგულებაში იყო აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრო „სათანადო დახმარებას“ GDS-ს სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონის და ასევე, ახალი მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით გადასცემდა. „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ მასალის გადაცემის შესახებ გამოცემული განკარგულებისგან განსხვავებით, GDS-ის განკარგულებაში მითითებული არ იყო, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული მომსახურებისთვის ტელეკომპანია GDS-სგან თანხას მიიღებდა თუ არა.  როგორც მოგვიანებით „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, GDS-მა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ რესურსში 293 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ლიბერალმა“ თავდაცვის სამინისტროდან გადახდის ქვითარი მიიღო. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია „ლიბერალმა“ 29 აპრილს გამოითხოვა, თანხა კი GDS-მა 15 მაისს გადაიხადა. GDS-სთვის „სათანადო დახმარების" შესახებ განკარგულება მთავრობამ 24 აპრილს გამოსცა.