თავისუფალი ვარდნა: როგორ გავხადოთ საქართველოს შიგნით გადაადგილება უსაფრთხო?

 
მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანები თვითდინებაზეა მიშვებული და არცერთმა ადამიანმა არ იცის, როგორ დამთავრდება მისი მგზავრობა თბილისიდან ბათუმში ან ქუთაისში. მგზავრმა არ იცის, რატომ არის უამრავი მინიავტოსადგური გახსნილი საქართველოს ქალაქების სხვადასხვა უბნებში, რატომ არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების  დიდი ნაწილი ელემენტარულ მოთხოვნებს. მათი ინფრასტრუქტურა საუკეთესო შემთხვევაში არის მოძველებული. თუმცა არიან ავტოსადგურები, რომლებსაც  შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ავტოსადგურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და მათი  მისამართი რომელიმე კვების ან სხვა დანიშნულების ობიექტი იყოს. დღეს საქართველოს კანონმდებლობით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ ორ დონეზე რეგულირდება - მუნიციპალურ და საერთაშორისო დონეზე. პასუხისმგებლობაც შესაბამისად ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობაზეა გადანაწილებული. ქვეყნის შიდა, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვების გაცემის აუცილებლობა არ ვრცელდება. თუკი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოა, გადაწყვეტს, განახორციელოს კონკრეტული მგზავრების გადამყვანი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი, ამის უფლება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაზე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე აქვს, რაც აფერხებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბაზარზე მოქმედი კომპანიების მონიტორინგის პროცესს უსაფრთხოების თუ სხვა სტანდარტების დაცვაზე. მგზავრებისთვის უცნობია სადგურებიდან გამგზავრების ზუსტი განრიგი. იქ განლაგებულ კვების ობიექტებში, ტუალეტებში ჰიგიენის ნორმების დაცვა მფლობელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ავტოსადგურებში არ არის აღრიცხული, რამდენი გადამყვანი საშუალება ჰყავთ, არ არსებობს ელექტრონული ტაბლოები, არ მოწმდება მანქანების  გამართულობა და ტექნიკური მდგომარეობა, არ ხორციელდება  საბურავების, ფარების, საქარე მინა და სარკეების შემოწმება, არ მოწმდება მძღოლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და კვალიფიკაცია.  რომ შევაჯამოთ, ყველა ამ მოთხოვნის შესრულება დამოკიდებულია ავტოსადგურისა და სატრანსპორტო კომპანიის კეთილ ნებაზე, რომელსაც, ე.წ. „ხიშნიკები“ ყველანაირად ძირს უთხრიან, როგორც დემპინგური ფასებით, ასევე არაჯანსაღი კონკურენციით. ისინი ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ახდენენ მგზავრთა გადაყვანას  სხვადასხვა მიმართულებით. დღეს საქართველოში  ნებისმიერი მიკროავტობუსისა თუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია  ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ ტრაფარეტის გამოყენებით  ნებისმიერი მიმართულებით გადაიყვანოს  მგზავრები, რასაც არავინ აკონტროლებს. ქალაქებში არ ხდება მარშრუტების დახარისხება კილომეტრაჟით, რაც ხელს შეუწყობს  მარშრუტების სწორ ადგილებში  განთავსებას,  სადგურების სწორ ადგილებში მოწყობას და კონკრეტული მიმართულებების დადგენას. მძღოლებს არ აქვთ სადგურებში დასასვენებელი ადგილები, რათა ყოველი 4.5 საათის მგზავრობის შემდეგ შესვენონ. ოფიციალური სტატისტიკით,  შორ გზაზე გადაადგილებისას მძღოლთა გადაღლილობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რაც ხშირად ხდება საგზაო სატრანსპორტო შეჯახების მიზეზი. საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანების სფეროში აუცილებელია მოწესრიგდეს ავტოსადგურების საკითხი. საქართველოში არის უამრავი პატარა ქალაქი, სადაც რამდენიმე ავტოსადგურია რეგისტრირებული. აუცილებელია ამ მხრივ სახელმწიფოს პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმ ადგილების ალოკაციით, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა ტიპის საქალაქთაშორისო მგზავრობას (თუნდაც მანძილის მიხედვით). დღეს არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მკაფიოდ ადგენს ავტოსადგურის მოთხოვნებს, თუმცა რეალური სურათი საკმაოდ განსხვავებულია და ხშირ შემთხვევებში არ არსებობს სამედიცინო თუ სხვა აუცილებელი დანიშნულების მქონე პუნქტები საკუთრივ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გამოინახოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, ფუნქციურად სწორად იქნება განლაგებული დასახლებულ პუნქტებსა თუ ქალაქებში, ადვილად ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით. ბოლო ათწლეულში საქართველოში გატარებული რეფორმები ნაკლებად შეეხებოდა ტრანსპორტის სფეროს. ის 2004 წელს მხოლოდ არსებული რეგულაციების გაუქმებით შემოიფარგლა. ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მიიჩნეოდა იმდროინდელი კორუფციული სისტემა, ასევე ტრანსპორტის სფეროში მოღვაწე სუბიექტებისთვის დაბრკოლებების მოხსნა და მათი საქმიანობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.  თუმცა ამ მხრივ რეგულაციების მთლიანად გაუქმებამ, დღევანდელი გადმოსახედიდან,  მძიმე შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის უსაფრთხოების კუთხით. უფრო მეტიც, საქალაქთაშორისო ხაზებზე მგზავრების გადაყვანის სფეროში რეგულაციების არარსებობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტი მილიონობით ლარს კარგავს. მიზეზი კი ისაა, რომ სამარშრუტო საქალაქთაშორისო ხაზები დღემდე ყოველგვარი იურდიული დოკუმენტაციის გარეშე იყიდება კერძო პირებს შორის და ამ გზით შემოსული ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი ავსებს ბიუჯეტს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ფარგლებში  არასამთავრობო ორგანიზაციების – CRRC-Georgia და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ – „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ პროექტის დროს ჩატარებული  კვლევის შედეგად გამოვლინდა, საქალაქთაშორისო გადაყვანებში მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას  ხელს  უშლის და სფეროს განვითარებას  აფერხებს: წინააღმდეგობრივი და არასრულყოფილი კანონები, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სტანდარტებისა და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმების არარსებობა და სფეროს განვითარებისთვის რესურსების, მათ შორის ფინანსურის, ადამიანურის ნაკლებობა და კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის არახელსაყრელი ინსტიტუციური საკანონმდებლო ბაზა. საქართველოში ტურისტული სეზონი პიკს აგვისტოს თვეში აღწევს, როცა ქვეყნის შიგნით ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილების მსურველთა რაოდენობაც რამდენჯერმე იმატებს,  რასაც, სამწუხაროდ, საგზაო შეჯახებების ციფრიც ზრდაც მოჰყვება.  ქვეყანაში სახმელეთო ტრანსპორტი მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ძირითადი საშუალებაა და მგზავრების 90%-მდე სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილდება. ქვეყნის განვითარების მთავარ დოკუმენტში საქართველოს რეგიონური ტრანსპორტის ჰაბად გახდომის ამბიციური მიზანიც დევს. თუმცა რეალური სურათი სახარბიელო არ არის,  რადგან ყოველდღიური ქრონიკა ხშირად დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადებით იწყება - რომ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე საგზაო სატრანსპორტო შეჯახება მოხდა, და რომ სამარშრუტო ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავარდა და სამი ადამიანი დაშავდა. აქვე ნახავთ განცხადებას, რომ მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას სსკ–ის 276 მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  ამას  ჩვენ ყველა შეგუებული ვართ. სად არის გამოსავალი? უმნიშვნელოვანესია მოხდეს ქვეყნის შიდა, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანების ნებართვების სისტემის აღდგენა და მასზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციების დამტკიცება, რომლებიც მკაფიო სტანდარტებს ჩამოაყალიბებს უსაფრთხოების,  გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური კუთხით და აიძულებს მგზავრების გადამყვან სუბიექტებს, დაემორჩილონ მის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა  მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობებია, რაც  თავის მხრივ გაამარტივებს კანონის აღსრულებას, დაადგენს ბაზარზე თამაშის სამართლიან წესებს, ხელს შეუწყობს ამ ბიზნესში ინვესტიციების მოზიდვას და, რაც მთავარია, კომპანიების, მძღოლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. საქართველოში მნიშვნელოვანია სამგზავრო დაზღვევისა და მესამე პირის დაზღვევის პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უფრო უსაფრთხოს გახდის მგზავრობას როგორც სერვისის მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლისთვის და ამ სფეროში სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. სანქციების დაწესებასთან ერთად, აუცილებელია, ე.წ. წამახალისებელი მეთოდების არსებობაც, რომელიც სტიმულს მისცემს კომპანიას/მძღოლს, უფრო კეთილსინდისიერად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბაზარზე არსებული ერთი კომპანია დემპინგური ფასებით ეცდება სხვა კონკურენტი სუბიექტების დამარცხებას. ამ კუთხით უნდა მოხდეს სახელმწიფო ჩარევა. მან უნდა დაადგინოს გარკვეულ მანძილებზე სერვისის მინიმალური/მაქსიმალური საფასური. ხოლო ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს უნდა დაეკისროს მნიშვნელოვანი სანქციები. ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანების სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა  ავტოსადგურების საკითხის მოწესრიგებაა, რაც გამოიხატება ქალაქებში იმ კონკრეტული ადგილების გამოყოფით, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა ტიპის საქალაქთაშორისო მგზავრობას. მნიშვნელოვანია, გამოინახოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ეფექტური მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, და, მეორე მხრივ, ავტოსადგურები ფუნქციურად სწორად  განლაგებული და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის.