თბილი, ადამიანური სერიალი ოცდაათწლიანების შიშებსა და წუხილებზე
AppleTV+-ზე დაიწყო სერიალი „მისტერ კორმანი“ - ახალგაზრდა გმირების შესახებ, რომლებიც მუდმივად შფოთავენ და ჰგონიათ, რომ მათი ცხოვრება უკვე დასრულდა. ამ დრამატული კომედიის რეჟისორიც, სცენარისტიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ჯოზეფ გორდონ-ლევიტია.
მისტერ კორმანი ლოს-ანჯელესის დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. ის ცხოვრობს პატარა ბინაში უიღბლო მეგობართან ერთად და ყველაფრის გამო შფოთავს. მაგალითად, იმის გამო, რომ არასწორი ფრაზის გამო ბავშვები კლასიდან გააძევებენ; რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპება; რომ ერექცია არ ექნება; რომ დედამიწას მეტეორი დაეცემა... სეზონის ბოლოს, რომლის გადაღებებიც პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო, მისტერ კორმანს კიდევ ერთი დარდი ემატება, კორონავირუსი. ის ნუგეშს ზუმში, მეგობრებისგან ეძებს, მაგრამ უშედეგოდ.
„მისტერ კორმანი“ - ესაა გმირის ისტორიაა, რომელმაც დაიჯერა რომ ბედნიერებას არ იმსახურებს და ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეც მოხდეს.
მთელი სერიალი - მილენიალის არეულ-დარეული, მაგრამ თამამი მცდელობაა იმისა, რომ გაარკვიოს, თუ რატომ ყრის ფარხმალს მისი თაობა ასე იოლად და ხშირად. თუმცა ფილმის მთელი ხიბლიც და ადამიანურობაც სწორედ ამ სისუსტეების, მუდმივი მარცხის და საკუთარი მოწყვლადობის გააზრების მცდელობაშია.
სერიალი გადაიღო კინოკომპანია A24-მა - ფესტივალ Sundance-ის ხშირმა სტუმარმა, ასევე ისეთი ფილმების პროდიუსერებმა, როგორებიცაა „Minari“, „Lady Bird“ და „Mid90s“. მუდმივად ახალგაზრდა და მოღიმარი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი კი თითქოს ოდნავადაც არ დაბერებულა სასკოლო ნუარის „Brick“-ის (2005) და რომანტიკული კომედიის „500 Days of Summer“ (2009) შემდეგ.
„მისტერ კორმანის“ რამდენიმე სერია უკვე ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია.