თბილისის მერია ე.წ. ელიავას ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეებს ბანკებთან შუამდგომლობას ჰპირდება

 
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერია დაზარალებულებს უშუამდგომლებს საბანკო სექტორთან. ლექვინაძის თქმით, პირველ რიგში საჭიროა დაზარალებულთა მონაცემთა ბაზების, ზიანისა და საქონლის მოცულობის დაზუსტება.  „ჩვენ შეგვიძლია, [დაზარალებულებს] ვუშუამდგომლოთ საბანკო სექტორთან, რადგან ბევრ მათგანს აქვს სასესხო ვალდებულება სხვადასხვა ბანკთან, ისევე როგორც სხვა შემთხვევებშიც, ვიფიქრებთ ამ სესხების რესტრუქტურიზაციაზე. შემოსავლების სამსახურმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაზიანებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები ჩამოეწერება  და ამ კომუნიკაციაში ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ჩართული ვიქნებით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, კონკრეტული ნაბიჯები მათი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გვექნება შედარებით უფრო სრული სურათი ხანძრის შედეგად დაზიანებული, თუ განადგურებული საქონლის მოცულობის შესახებ”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.