თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

 
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.  რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ: ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში. განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.