თბილისში 143 ახალი ავტობუსი შემოვა

 
 თბილისის მერიის განცხადებით, სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ამასთან, მძღოლებს, რომლებიც „Man“-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, „MAN Truck & Bus AG-ის“ სპეციალისტები გადაამზადებენ.  თბილისის მერი დავით ნარმანია პოლონეთის ქალაქ პოზნანში „MAN Truck & Bus AG-ის“ ქარხანაში იმყოფებოდა. მისი თქმით, 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. „საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „Man“-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთი მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯი და მეორე მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე, თუმცა მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, შესაბამისად, აქვს დიდი უპირატესობა სხვა მოდელებთან შედარებით," - განაცხადა დავით ნარმანიამ.