თბილისში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობას ანგრევენ
ამ წუთებში თბილისში, მელიქიშვილის #10 ნომერში მდებარე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობას ანგრევენ.
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ადგილას კომპანია m2 მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. ისტორიის ინსტიტუტის ადგილას დაგეგმილ მშენებლობას საზოგადოების ნაწილი, აქტივისტები აპროტესტებდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით m2-ში აცხადებდნენ, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, რეაბილიტაციის ისეთი გზა აირჩიეს, დაშლისა და თავიდან აწყობის, რაც შენობის ფასადის არსებული სახით შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
m2-ის სასტუმროს პროექტი ისტორიის ინსტიტუტის ადგილას და სამოქალაქო პროტესტი
აღნიშნულ პროექტზე არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა 2017 წლის იანვრის დასაწყისში გასცა. პროექტის მთავარი არქიტექტორი ირაკლი შარაშიძეა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: 130-ნომრიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და 18-ბინიანი საცხოვრებლისგან. პირველი სართულიდან მე-5 სართულის ჩათვლით განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები, ხოლო 6-დან მე-11 სართულის ჩათვლით - საცხოვრებელი ბინები. საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი 2153 კვმ-ია, განაშენიანების ფართობი-1859 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი - 11116 კვ.მ. მშენებლობა 2017 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.