ტრანსგენდერი ქალები: ბრალდებული დაზარალებულს ემუქრებოდა, სათანადო რეაგირება არ მომხდარა

 
  დღეს  „ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომ 17:00 საათზე პროკურატურას ვიდეოჩანაწერს გადაუგზავნის. როგორც ტატიშვილი ამბობს, ჩანაწერი ტრანსგენდერი ქალის ცემამდე, დღის განმავლობაშია გადაღებული  და მასზე ასახულია, თუ როგორ უამბობს დაზარალებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ მას ემუქრებიან, საპატრულო პოლიციამ კი მხოლოდ ოქმი შეადგინა.  „ვიდეოჩანაწერში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ასახულია დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ მშრალი ოქმი შეადგინა, იმის ნაცვლად, რომ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გადაეცა ინფორმაცია პროკურატურისთვის და შესაბამისი საგამოძიებო უწყებისთვის“, - ამბობს გიორგი ტატიშვილი  „ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ წარმომადგენლები მოითხოვენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ სათანადო ზომების გატარებას, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. ასევე, საქმის გადაკვალიფიცირებას 109-ე მუხლით - „მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილით ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება, ეს არის განზრახ, სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი კვალიფიკაციის შეცვლის, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა  ტატიშვილის განცხადებით, თუკი მათ მიერ წარდგენილ ჩანაწერზე პროკურატურა არ მოახდენს შესაბამის რეაგირებას, ორგანიზაციის წარმომადგენლები შიმშილობას დაიწყებენ