„წადით“ - ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ წინააღმდეგ აქციაზე სუბარს და ჯაფარიძეს შეძახილებით შეხვდნენ

 
ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ წინააღმდეგ აქციაზე პრემიერის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მოსახლეობა შეძახილებით შეხვდა.  „წადით! წადით! “-  ამ შეძახილებით მოსახლეობა სოზარ სუბარს და ვიქტორ ჯაფარიძეს აქციის დატოვებას სთხოვდნენ.  აქციის ამსახველ ვიდეოს მთის ამბები ავრცელებს. მოსახლეობა  ამბობს, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც „ხელედურა ჰესის“ შესახებ მიდის საუბარი, მთავრობიდან არავის არაფერი არ გაუკეთებია და ახლა არ აქვთ უფლება, მათ აქციაზე მივიდნენ.  დღეს ლენტეხში „ხელედურა ჰესის“ გზშ-ს განხილვა უნდა გამართულიყო. მოსახლეობა გზშ-ს განხილვის წინააღმდეგი იყო და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ჰესის მშენებლობა აპროტესტებენ.  ჰესის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ხელედულაზე 50.77 მგ/ვტ დადგმული სიმძლავრის „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს არა რეგულირებადი (წყალსაცავის გარეშე), მდ. ხელედულასა და მდ. დევაშის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ერთსაფეხურიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. საპროექტო სქემის მიხედვით, მდ. ხელედულაზე მოეწყობა დაბალზღურბლიანი კაშხალი, საიდანაც უდაწნეო გვირაბის საშუალებით მდ. დევაშის ხეობაში წყლის გადაგდება მოხდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 254.934 გვტ/სთ. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნას ადგილობრივ ბაზარზე. პროექტს შპს „ხელედულა ენერჯი“ ახორციელებს.