ცესკომ ქორწინების განმარტების შესახებ სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე,ზვიად ტომარაძე) 13 მაისს წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა.
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ - ასეთია შეთავაზებული რეფერენდუმის შეკითხვა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების მიხედვით, საკითხის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. მას შემდეგ კი, რაც ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი 30 დღის ვადაში.
თუმცა მანამდე ცესკომ ამავე საინიციატივო ჯგუფის შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - "თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზად მოთხოვნის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა დასახელდა.
ქორწინების დეფინიციის შესახებ ეს უკვე მეორე სარეფერენდუმო საკითხია, რომელიც ცესკომ დაარეგისტრირა. 28 მარტს დარეგისტრირდა მოთხოვნა შემდეგი სარეფერენდუმო შეკითხვით: „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?" (საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).