წიგნი თუ სერიალი - გამოხმაურება ლიან მორიარტის რომანზე „ცხრა იდეალური უცნობი“
ავსტრალიელ ავტორ ლიან მორიარტის ქართველი მკითხველი პირველ რიგში იცნობს რომანით „დიდი პატარა ტყუილები“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია იმავე სახელწოდების სერიალი. სულ ახლახან სტრიმინგულ სერვისზე Hulu დაიწყო მორიარტის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაციის ჩვენება.
სერიალს, ისევე როგორც რომანს, ჰქვია „ცხრა იდეალური უცნობი“ („Nine Perfect Strangers“), მისი პროდუსერიც ისევ დევიდ კელია, თუმცა ფილმს არ აქვს ისეთი კეთილგანწყობილი კრიტიკა, როგორიც ჰქონდა „დიდ პატარა ტყუილებს“. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, პრობლემა ეკრანიზაციაში იყო თუ რომანში, ამიტომ მორიარტის წიგნის კრიტიკასაც გავეცანით და გამოხმაურებები ძირითადად ასეთი სულისკვეთებისაა:
რომანი „ცხრა იდეალური უცნობი“ ჰერმეტიული დეტექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხრა ადამიანი ჩადის განმარტოებულ სანატორიუმში „ტრანკილუმ ჰაუზში“, რომელიც ძველებური სახლის შენობაშია განთავსებული და აპირებს ქარიზმატული ქალის, მაშას ხელმძღვანელობით სულიერი და ფიზიკური გარდასახვის ათდღიანი კურსის გავლას. ოდესღაც, რუსმა ემიგრანტმა და იმ მომენტისათვის წარმატებულმა საქმოსანმა მაშამ, კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, რამაც ის სრულად შეცვალა: სამუდამოდ დაემშვიდობა კორპორაციული სამყაროს გიჟურ რიტმსა და არაჯანსაღ ჩვევებს ჰარმონიის გამო, რომელიც მან გამაჯანსაღებელი პრაქტიკების საშუალებით მოიპოვა. მაშა მზადაა იმავე გზაზე წარუძღვეს საკუთარ „მრევლს“, მაგრამ თუკი ახალბედებს, მის რომელიმე მეთოდში ეჭვი შეეპარებათ, მით უარესი მათთვის.
ამ დეტექტიური ინტრიგის ოდნავ პირქუშსა და რომანტიკულ ანტურაჟს, ორგანულად ავსებს ის, რომ ცხრა ბინადარიდან თითოეულს საკუთარი საიდუმლო აქვს - პატარა ან დიდი. სასიყვარულო რომანების ავტორს, 50 წლის ხითხითა ფრენსისს, სულ ახლახან გაუგებარი, მაგრამ აშკარად ტრავმული და დამაცირებელი სასიყვარულო ისტორია გადახდა თავს; მარკონების ოჯახს (აწოწილი მასწავლებელი მამა, მისი გამხდარი და ნერვიული ცოლი და მშობლებზე ავადმყოფურად მიბმული 20 წლის ქალიშვილი), მეორე შვილი ჰყავს დაღუპული; ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბენი და ჯესიკა სანტორიუმში მიყრუებული ადგილიდან „ლამბორგინით“ ჩადიან, რომელიც არანაირად შეესაბამება მათ მდაბიო მანერებსა და მეტყველებას; 40 წლის ადვოკატი ლარსი, სანატორიუმს აშკარად ოჯახში გაჩენილი ხანძრის გამო აფარებს თავს; მაშას, კი როგორც ჩანს თავადაც ბევრი რამ აქვს დასამალი.
დასაწყისის ეს დეტექტიური სულისკვეთება ყალბი აღმოჩნდება: არავის კლავენ არც მობინადრეებიდან და არც სანატორიუმის თანამშრომლებიდან, ხოლო ყველა ის სიუჟეტური კვანძი, რომელიც ასეთი იმედისმომცემი ჩანს დასაწყისში, გეგმაზომიერად იწყებს გახსნას, თანაც ძალიან პროზაულად. ყველაფერი რისი გადატანაც სანატორიუმის მობინადრეებს მოუხდათ, საკმაოდ ტრივიალურია (თუმცა ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულიც).
მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მკითხველი გადაწყვეტს, რომ „ცხრა იდეალური უცნობი“ - უბრალოდ მგრძნობიარე, სასაცილო, უბედური და მეოცნებე ადამიანების რამდენიმე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიაა, სიუჟეტი ისე ყირავდება, რომ ამ გამაჯანსაღებელი პრაქტიკებიდან ჯერ მკაფიოდ გამოსჭვივის სახიფათო სიგიჟე და შემდეგ წარმოუდგენელი ძალის კათარზისი.
ინგლისურის გარდა წიგნი ხელმისაწვდომია რუსულ ენაზეც.