ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებისთვის სამი პირი დააკავეს

 
პოლიციამ ცოლად შერთვის  მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტიდან არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო, 19 წლის ასაკის სამი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ-სა და ნ.ი-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა. ხულოს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.