ცოლად შერთვის მიზნით გოგონას გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით, 19 წლის გოგონას მოტაცების გამო ორი პირი თბილისში დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან, შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მოხდა. 29 წლის ფ. ა-მ და 28 წლის ი.ა-მ 19 წლის გოგონა ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და მარნეულის მიმართულებით წაიყვანეს. სოფელ ქეშალოში მისვლისას, გოგონამ გაქცევა მოახერხა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ გამტაცებლებიც.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.