თსუ უნივერსიტეტში გამართულ ანტიდასავლურ დისკუსიაზე გაჟღერებულ განცხადებებს ემიჯნება
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თსუ კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ამ ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ში გუშინ გამართულ ანტიდასავლურ დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა.
დისკუსიაზე, რომლის ამსახველი კადრებიც სააგენტო „პატრიოტმა" გაავრცელა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის მძევალია.
„უნივერსიტეტი ინფორმირებული არ იყო. უნივერსიტეტის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ შეცვალეს თემა, შესაბამისად, მოატყუეს ფაკულტეტი და უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის არც ერთი სტუდენტი, ფაკულტეტი, თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თსუ კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ამ ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი მუდამ იყო არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული" - ამბობს „რუსთავი 2-თან" საუბარში მიხეილ ჩხენკელი.