წულუკიანი მურუსიძეზე: არ მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს გამუდმივება

 
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, მისი როგორც მოქალაქისა და მინისტრის პოზიციაა, რომ მურუსიძის მოსამართლეობა და მით უმეტეს, მისი უვადოდ დანიშვნა არ მოსწონს. „რაც შეეხება ბატონ ლევან მურუსიძის გამუდმივებას, სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. მან ასევე მართალი ბრძანა, როდესაც თქვა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები“, - თქვა თეა წულუკიანმა. ლევან მურუსიძე 27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. საბჭოს 14 წევრიდან მას მხარი 11-მა დაუჭირა. მურუსიძე 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. ის 3 წლით იყო დანიშნული და უფლებამოსილების ვადა უახლოეს დღეებში ეწურებოდა.