წულუკიანი პარლამენტს „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს მოუწოდებს, „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა დააჩქაროს.
მისი თქმით, იარაღზე ადვილი წვდომა ყველას არ უნდა ჰქონდეს და თუნდაც კანონიერი გზით შეძენილი იარაღით თავის მოწონება კარგ ტონად არ უნდა მიიჩნეოდეს.
„პარლამენტს მოვუწოდებ, დააჩქაროს კანონის მიღება, რომელიც იარაღზე წვდომას აძნელებს. დანაშაულს ერთი ცვლილება და კანონი ვერ დაამარცხებს, ამისათვის სახელმწიფოს დანაშაულთან ბრძოლის მრავალფეროვანი მექანიზმები სჭირდება. იარაღის კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს და ეს დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელოვან მექანიზმად იქცეს“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი.
„იარაღის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების უფლება აღარ ექნება წარსულში მსჯავრდებულ პირს, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის; ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იარაღის გამოყენებით, ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებულ ისეთ შემთხვევაში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებაზე ნებართვის მოპოვებისთვის აუცილებელი იქნება, პირი 23 წელს იყოს მიღწეული. მხოლოდ სპორტული, გაზის, ან სანადირო ტიპის იარაღის შეძენის უფლების მისაღებად მინიმალურ ასაკად 21 წელი დგინდება.
პროექტის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად ნებართვის მოპოვებისთვის, სავალდებულო გახდება თეორიული გამოცდის ჩაბარება იარაღის მოხმარების წესების ცოდნაში. როგორც წულუკიანი ამბობს, პირი ასევე შემოწმდება „სანდოობის, ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით“.
პროექტი იუსტიციის მინისტრმა მედიას 2014 წლის სექტემბერში გააცნო.