წულუკიანი რეფორმაზე - იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაზე უარს ამბობს

 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებათა კანონპროექტით, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ხდება. მისი თქმით, მედია სასამართლო დარბაზში უნდა დაბრუნდეს და „საზოგადოებას კრიტიკოსის ფუნქცია უნდა დაეკისროს“. წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, კანონით განისაზღვრება, რომ უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა სულ მცირე 28 იქნება (ამჟამად პლემუნის გადაწყვეტილებით თოთხმეტია). პროექტრის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ დანიშნავს. იუსტიციის მინისტრის თქმით, თავმჯდომარეებს თავად სასამართლოს წევრები აირჩევენ. „დიახ, სასამართლოს უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი პირი, მაგრამ სასამარლთო არ არის სამინისტრო. დღეს რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ისე იმართებიან, როგორც სამინისტროები. სტრასბურგში იკრიბება პალატა და წყვეტს, ვინ ხდება მათ შორის დროებით პირველი. სასამართლოში უნდა იყოს ჯანსაღი პროცესები და არა იერარქია. რიგით მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა ევალებოდეს, აზრი უფროსს ჰკითხოს. რიგით მოსამართლეს უფროსი არ უნდა ჰყავდეს. ის დამოუკიდებელი ინდივიდია“, - თქვა წულუკიანმა. რაც შეეხება მოქმედი თავმჯდომარეების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, წულუკიანი ამბობს, რომ იგი „მკაცრი ხელის“ მომხრეა. "მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სასამართლომ ბევრი უბედურება გაგვატარა. პირველად პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეწერა, რომ არჩევითი გახდეს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო ის, ვინც ამჟამად ბრძანდება სასამართლოს თავმჯდომარე, შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩიონ ახალი. თუმცა ამას მოჰყვა ჩემი ძალიან დიდი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური და მითხრეს, რომ მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა. ამიტომაც, ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ უგონონი არ იცვლიან აზრსო და მე ეს გავითვალისწინე. არ მომწონს მე თვითონ, მაგრამ გთავაზობთ, რომ ჩვენი მომავლისთვის, მართლაც, სჯობს ამ თავმჯდომარეებს დაუსრულდეთ ვადა, მომავალი თაობა მაინც მათ ალბათ კარგად არ გაიხსენებს და შემდგე უკვე აირჩიონ მოსამართლეებმა თავიანთი თავმჯდომარეები", - განაცხადა წულუკიანმა. კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ელექტრონული სისტემის დანერგვის გზით საქმეთა ბრმად - ავტომატურად განაწილებაა. მინისტრის თქმით, დღეს უცნობია, თუ როგორ ნაწილდება საქმეები, რომლებიც სასამართლოში შედის. „ეჭვი მაქვს, სანამ თავმჯდომარე არ გადაწყვეტს, ვინ განიხილოს, იქამდე ეს საქმე მოსამართლესთან არ მიდის. ეს წლების განმავლობაში იმას იწვევდა, რომ გირგვლიანის საქმეს იხილავდა ჩემია. როგორ მოხვდა ჩემიასთან ეს საქმე, ამაზე ისტორია დუმს. გვაქვს მხოლოდ გონივრული ეჭვები. ეს, რომ აღარ იყოს, უნდა დავნერგოთ ელექტრონბბული სისტემა. ამ თვალსაზრისით დღეს სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია“, - თქვა მინისტრმა. კანონპროექტი მოსამართეთა მივლინების წესის რეფორმასაც ითვალისწინებს. როგორც წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მოსამართლის შეცვლა დაუშვებელია, სანამ იგი საქმეს არ დაასრულებს, თუმცა ეს წესი მრავალი წლის განმავლობაში ირღვეოდა. „როცა მავანი შეამჩნევდა, რომ რომელიმე მოსამართლე არ იქცეოდა კარგად, ანუ აპირებდა, საქმე დამოუკიდებლად გადაეწყვიტა, ეს ცუდ ტონად მიიჩნეოდა. ამ მოსამართლეს გადაასახლებდნენ, ამას, კი მივლინებას ეძახდნენ. შემოთავაზებული რეფორმით, ამ პროცედურისთვის მოსამართლის თანხმობა იქნება საჭირო. მოსამართლე მხოლოდ გარკვეული ვადით უნდა მიევლინოს, ამასთან, ეს ობიექტურ მიზეზებს უნდა ეფუძნებოდეს“ - თქვა მინისტრმა. მისი განმარტებით, მოსამართლის მივლინებით გამგზავრების შემთხვევაში მისი ვაკანსიაც უნდა შეივსოს. რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური დევნის წესს, მისი განმარტებით, მოსამართლეთა წინააღმდეგ ბევრი მოქალაქე ჩივის, თუმცა თითქმის არცერთი საქმე არ განიხილება. „იუსტიციის უმაღესი საბჭო და მდივანი დისციპლინურ დევნაზე უარს ამბობენ, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა. ეს რომ გამოსწორდეს, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში არ უნდა დავტოვოთ“, - თქვა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებული იქნება, საქმეები განიხილოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას არა იგი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. მინისტრის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარეები ვალდებულები გახდებიან, საქმეები განიხილონ. მისი თქმით, თავმჯდომარეები დღეს ინსპექტორებად არიან ქცეული, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არიან, საქმეებს არ განიხილავენ. „კოტე კუბლაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, იგი დიდი ხანი იყო თავმჯდომარე, თუმცა ისე დაასრულა საქმიანობა, ერთ საქმეც არ განუხულავს. თავმჯდომარეები დღეს აკონტროლებენ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს. თუ არ მოეწონათ რომელიმე მოსამართლე, მივლინებაში გაუშვებენ, ან აღუძრავენ დისციპლინურ დევნას“, - თქვა მინისტრმა. მისი განმარტებით, თავმჯდომარეს, რომელიც იქნება „რიგითებს შორის პირველი“, ყველა ადმინისტრაციული ფუნქცია ჩამოერთმევა, რადგან ცვლილების განხორციელების შემდეგ მათ ეს ფუნქციები ზედმეტ ტვირთად დააწვებათ. წულუკიანის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტმა ხმათა უბრალო უმრავლესობით უნდა აირჩიოს და არა 2/3-ით, როგორც ეს დღეს არის. „ერთი ადგილი დღემდე თავისუფალია საბჭოში, იმიტომ, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ამ ადამიანებს შიდა დემოკრატია კი არა საბჭოს ადგილების ვაკანტურად დატოვება სურდათ. ეს პოლიტიკური მიზანი იყო, როცა ცვლილება განხორციელდა. გთავაზობთ, დავუბრუნდეთ პირველად პროექტს და საბჭოს არასამოარმთლე წევრები პარლამენტმა ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩიოს“, - თქვა მინისტრმა. წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.