წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

 
ბარსელონაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. A ჯგუფის ბოლო ტურში საქართველომ თურქეთის ნაკრები ანგარიშით 15:10 დაამარცხა. როგორც საქართველოს საწყალოსნო სპორტის ფედერაცია წერს, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ცენტრი ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. 3-3 გოლი მიითვალეს მიხეილ ბაღათურიამ და მარკო ელაჩამ, 2-2 გოლია რევაზ იმნაიშვილის და დამირ ცრეპულიას ანგარიშზე. ერთი გოლი კაპიტანმა ზურაბ რურუამ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე აქამდე სამი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი სპორტსმენები იტალიელებთან, გერმანელებთან და უნგრელებთან დამარცხდნენ. საქართველო პლეი-ოფში მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. იქ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეძლებს. 2014 წელს საქართველო მოგების გარეშე დარჩა, 2016 წელს კი 16 გუნდში მე-14 ადგილი დაიკავა.