უალტერნატივო საინფორმაციო არხი - რას უყურებენ ეთნიკური უმცირესობები?

 
საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას ძირითადად მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებიდან იღებენ. მართალია, მათ ნაციონალურ არხებზე ხელი მიუწვდებათ, მაგრამ ენის არცოდნის გამო ქართულ მედიასაშუალებებს ნაკლებად უყურებენ. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მათ სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეზე დამოკიდებულებას განაპირობებს, რაც ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს აფერხებს.   “მაუწყებლობის შესახებ” კანონი (მუხლი 16) საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს თავის პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური მრავალფეროვნება, სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. დღესდღეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე „მოამბე“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის  ხუთ ენაზე (აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული)  მაუწყებლობს. ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ერთსაათიანია და თითოეულ ენაზე მაუწყებლობას 12 წუთი ეთმობა. საინფორმაციო გადაცემა რეგიონული მაუწყებლების მეშვეობით რეტრანსლირდება. გადაცემის აუდიოვერსია კი  ყოველდღიურად ვრცელდება საზოგადოებრივ რადიოში. „მხოლოდ ეს საინფორმაციო გადაცემები საკმარისი არ არის, რადგან არ იძლევა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას“, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ბელა ოსიპოვა. მისი თქმით, მათთვის გასაგებ ენებზე არსებული მწირი ინფორმაციის შედეგია ის, რომ კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ უმცირესობებს ხშირად დროული და ამომწურავი ინფორმაცია არ აქვთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ და საკანონმდებლო ცვლილებებზე. ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიღების მიზნით კი მეზობელი ქვეყნების ტელემაუწყებლებს უყურებენ. ასეთი ენებია რუსული ან მშობლიური, ამდენად, უპირეტესობას რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ არხებს ანიჭებენ. მისი თქმით, იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალებები გაჩნდეს, საჭიროა მათთვის მეტი გადაცემა მომზადება: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მოსახლეობამ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე ქართული წყაროებიდან მიიღოს, რაც, თავის მხრივ, მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებიდან მიწოდებული ხშირად მცდარი და არაობიექტური ინფორმაციის ალტერნატივა იქნება“. ქართული ენის ცოდნის პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებს მოძრაობა „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი. თუმცა, აღნიშნავს,  რომ მხოლოდ ქართული ენის სწავლებით ყველა პრობლემა თავისთავად ვერ მოგვარდება: „მნიშვნელოვანია ენის ცოდნის გაუმჯობესება, თუმცა იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 20 წელია ვცდილობთ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის ქართულის სწავლებას, მაგრამ ვერ ვასწავლეთ. დამატებით ოცი წელი ლოდინის ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომ მოკლევადიანი პერსპექტივით, სანამ ქართული ენა მათთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებზე ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენებზე უნდა მივაწოდოთ“. სტეფანიანის თქმით, მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებზე დამოკიდებულება იმიტომაა პრობლემური, რომ რუსული ტელეარხებიდან გავრცელებული ინფორმაცია ხშირად პროპაგანდისტული შეტყობინებებს ატარებს, რაც   ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების შექმნას უწყობს ხელს. მისი შეფასებით, ადრე თუ გვიან პრობლემას შექმნის ის ფაქტი, რომ  მოსახლეობის ერთი ნაწილი დასავლურ ღირებულებებზეა ორიენტირებული, რაღაც ნაწილი კი ყოველდღიურად ინფორმაციას სხვა ღირებულებებზე დაყრდნობით იღებს.  სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში  ჩართულობას საფრთხის შემცველად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი. „თუ დღეს არსებობს ინფორმაციული დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან შესაძლებელია ეს იქცეს პოლიტიკურ დამოკიდებულებად. როცა ადამიანი მოწყვეტილია ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სივრცეს, მეზობელი ქვეყნების მედიასაშუალებების პროპაგანდა წვეთ-წვეთად გავლენას ახდენს მათზე. ეს ხელს უშლის ქვეყანაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას და ნაცვლად ამისა დისტანცირებული რჩებიან ქვეყნის საინფორმაციო ცხოვრებიდან“, - განმარტავს ის. მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია, რომ რეგიონებში კომპაქტურად დასახლებულმა ეთნიკურმა უმცირესობებმა ჩვენი ქვეყნის ამბებზე უკეთ მსოფლიოს ამბები იციან. ამიტომ მიიჩნევს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მოკლე და მშრალი ნიუსის დონეზე მიწოდება, საჭიროა ანალიტიკური გადაცემების არსებობაც, რომლებშიც სხვადასხვა თემები ვრცლად იქნება განხილული. ასე ეთნიკურ უმცირესობებს მეტი ინფორმაცია ექნებათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების შესახებ, რომლის სერიოზულ დეფიციტსაც დღეს განიცდიან. ხალილოვის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური უმცირესობები მეზობელი ქვეყნების ტელეარხებს ანიჭებენ უპირატესობას არის ის, რომ ქართული საინფორმაციო გადაცემებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან რეგიონებით, თუკი რაიმე სენსაციური ან ტრაგიკული ხდება, მეზობელი ქვეყნების საინფორმაციოებში ისინი თავიანთ თავს პოულობენ. „სომხეთისა და აზერბაიჯანის საინფორმაციოებში პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ რაიმე სახის ინფორმაცია არ იყოს სქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელებისა და სომხების შესახებ. ყველა არხს ჰყავს თავიანთი წარმომადგენლობა საქართველოში და ყველა იმ სიახლეს აუწყებენ, რაც ქვეყანაში ხდება. გამოდის, რომ საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ ინფორმაციას უფრო მეტად იღებენ მეზობელი სახელმწიფოების მედიიდან, ვიდრე ქართული მედიასაშუალებებიდან. პრობლემა არის ის, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ვერ მყარდება, ანუ ინფორმაცია გადის ქვეყნიდან და სხვა ქვეყნის გავლით ისევ აქ ბრუნდება. ხშირ შემთხვევაში ის, რაც უკან ბრუნდება, ობიექტური არ არის“, - ამბობს ხალილოვი. გარდა ხუთენოვანი საინფორმაციო გამოშვებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2007 წლიდან გადიოდა სატელევიზიო ტოქშოუ „ჩვენი ეზო“. გადაცემა აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების კულტურას, რელიგიას, მათი საზოგადო მოღვაწეების წვლილს საქართველოს განვითარებაში. 2013 წლიდან ტოქშოუს ფორმატი შეიცვალა და გადაცემის მომზადება რეგიონში ვიზიტების ფონზე ადგილობრივი მოსახლეობისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით მიმდინარეობს. საბოლოო სატელევიზიო პროექტი ფილმის სახით გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რაც შეეხება ბეჭდვით გამოცემებს, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის “ლიტერატურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობა აფინანსებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე გამოცემულ  ბეჭდვით გამოცემებს, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია გამოდის: ყოველკვირეულ სომხურენოვან გაზეთ, “ვრასტანს“ და ყოველკვირეულ აზერბაიჯანულენოვან გაზეთ “გურჯისტანს“. აღნიშნული გაზეთები  სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ვრცელდება. „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების დოკუმენტში“ ნათქვამია, რომ მოსახლეობის ძირითადი პრეტენზია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაზეთების მიმართ ისაა, რომ ვერ ხერხდებოდა გაზეთების სათანადო დისტრიბუცია და მოსახლეობის დიდ ნაწილს გაზეთი ფიზიკურად ნანახიც კი არ აქვს. ხოლო, ვინც ეცნობოდა გაზეთს, ის მიიჩნევს, რომ გაზეთში მოძველებული ინფორმაცია შუქდება. ცენტრალური ტელეარხების გარდა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი ტელეარხებიც მაუწყებლობენ. მარნეულის ტელევიზია, „მარნეული ტვ“ უკვე რვა წელია მაუწყებლობს. ტელევიზიის პროგრამული ბადე ორენოვანია, საინფორმაციო გადაცემა და სხვადასხვა ადგილობრივ პრობლემებზე მომზადებული ტოკშოუ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გადის. ტელევიზიის დირექტორის, შალვა შუბლაძის თქმით, პირდაპირი ეთერის დროს, საჭიროების შემთხვევაში სინქრონულ თარგმანსაც უზრუნველყოფენ. უკვე ჩაწერილ გადაცემებს კი თარგმნიან და ისე გადასცემენ. შუბლაძე მაუწყებლის მთავარ პრობლემად შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს ასახელებს, რასაც  მწირი სარეკლამო ბაზარი განაპირობებს, რადგან სარეკლამო ბაზარი მთლიანად დიდი ტელევიზიების მიერაა მონოპოლიზებული. მისი თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ძალიან მცირე რაოდენობის საგრანტო პროექტები, რომელთა არსებობაც  ახალი და საინტერესო პროექტების წამოწყების საშუალებას მისცემდათ.  ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო უზრუნველყოფს. მისი ხელმძღვანელის თინა ღოღელიანის თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობაში ქართული ტელევიზიების რეიტინგი გაიზარდოს, მაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო ვრცელი და მრავალფეროვანი უნდა გახდეს: „ჩვენ ვერავის ვურჩევთ ქართულენოვან არხს უყუროს თუ უცხოურენოვანს, ეს, რა თქმა უნდა, მაყურებლის არჩევანია, მაგრამ ცუდია, როცა სხვა ქვეყნის არხს მხოლოდ იმიტომ უყურებენ, რომ სხვა არჩევანიარ აქვს“. მისი თქმით, ამჟამად სამმართველოში რეკომენდაციები მზადდება და ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, რომელშიც განსაზღვრულ ღონისძიებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მომდევნო წლების განმავლობაში განახორციელებს.  „მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეავსებს იმ ინფორმაციულ დეფიციტს, რაც ამ მიმართულებითაა“, - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეროვნულ უმცირესობათა ენებზე მოუწყებლობის მთავარი რედაქტორი ზურაბ დვალი. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იმაუწყებლებს საათობით სხვა ენებზე, ასე ქართულენოვან მაყურებელს დაკარგავს. ამიტომ ზურაბ დვალი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ საშუალებად რეგიონული მაუწყებლების გაძლიერებას მიიჩნევს: „სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ტექნიკური თუ ფინანსური რესურსი.  არა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფლაერებზე, წიგნებსა და შეხვედრებზე, არამედ იმისთვის, რომ ადგილობრივ ტელევიზიებს შეუსყიდონ აპარატურა, იყოს ტრენინგები, გადაამზადონ მათი ჟურნალისტები. ადგილობრივებს, პირველ რიგში, მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები აინტერესებთ და შემდგომ უკვე სხვა რეგიონებისა და საზღვარგარეთის ამბები. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი არხები უნდა გაძლიერდნენ, რომ  მოსახლეობისათვის სრულყოფილი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მედიაპროდუქტის შეთავაზება შეძლონ“. ზურაბ დვალი რუსულენოვანი არხის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მაგალითად  „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК) არხი მოჰყავს, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან დაიხურა. ზურაბ დვალის თქმით, არხს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რადგან მათთვის გასაგებ ენაზე მაუწყებლობდა: „ნებისმიერმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა რუსული უკეთ იცის, ვიდრე ქართული. სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა. ამ არხის მეშვეობით, მათთვის გასაგებ ენაზე საქართველოსა და საზღვარგარეთ მომხდარი სიახლეების შესახებ დღეში ხუთი საინფორმაციო გამოშვება გადიოდა. მისი დახურვა  უდიდესი დანაშაული იყო. თუკი არ მოსწონდათ ის ადამიანები, რომლებიც არხს მართავდნენ, შეეცვალათ მენეჯმენტი და მაუწყებელი შეენარჩუნებინათ. როგორ შეიძლებოდა რუსულენოვანი არხის დახურვა იმ ქვეყანაში,  სადაც თითქმის მესამედი მოსახლეობის დღემდე უყურებს რუსულ არხებს. უკვე მთელი მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ თუ მძლავრ რუსულ პროპაგანდას კონტრპროპაგანდა არ დაუპირისპირე, ის წალეკავს შენს იდეოლოგიას. ასე ხდება დღეს  საქართველოში,  რუსულ პროპაგანდას ალტერნატივად ვერაფერი დავუპირისპირეთ“. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები თანხმდებიან, რომ თუკი ეთნიკური უმცირესობების ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არ მოხდება მათი ინფორმირება, ისინი კვლავ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო სივრცეზე იქნებიან დამოკიდებული. ასე კი, იარსებებს სერიოზული რისკი იმისა, რომ მათი მეშვეობით გავრცელებული პროპაგანდისტული და არაობიექტური შეტყობინებები მათი ინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლად კი ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე, ქართულ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მრავალფეროვანი მედიაპროდუქტი მიაჩნიათ, რაც მათი ქართული მედიით დაინტერესებასა და ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში ჩართვას უზრუნველყოფს.