უკრაინა ძლიერი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

 
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ „ტვიტერის“ გვერდზე დღეს ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსით დაზიანებული კომპიუტერის ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. ფოტოს მინაწერში კი ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამუშაო კომპიუტერები ახლა ამ მდგომარეობაშია და უკრაინა კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია არაერთი სხვა უკრაინული კომპანიის და ბანკის შესახებაც, რომელთა მუშაობაც ასევე შეფერხებულია მსგავსი პრობლემების გამო. უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპიუტერული სისტემები „უცნობმა ვირუსმა“ დააზიანა და ამის გამო ბანკებს სირთულეები აქვთ კლიენტთათვის ჩვეულებრივი სერვისის შეთავაზებისას, და ზოგიერთი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას. თუმცა კონკრეტული კომპანიები თავიდან არ დასახელებულა. „ცენტრალური ბანკი დარწმუნებულია, რომ საბანკო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისტემა კიბერთაღლითობების წინააღმდეგ მდგრადია და ბანკების IT სისტემებზე კიბერთავდასხმების მცდელობები ნეიტრალიზებული იქნება“, - ვკითხულობთ უკრაინის ცენტრალური ბანკის განცხადებაში, რომელიც პირველი ოფიციალური გამოხმაურება იყო მომხდარის შემდეგ. უკრაინის მთავრობის ვებგვერდები ჰაკერთა მსხვერპლი აქამდეც რამდენჯერმე გახდა, რის შემდეგაც კიბერუსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო კრედიტორის, „ოსჩადბანკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კიბერთავდასხმის მცდელობის“ გამო მათი ზოგიერთი სერვისი დაზარალდა, მაგრამ კლიენტთა მონაცემები გარანტირებულად დაცულია. უკრაინა წინა კიბერთავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებდა. მათ შორის ერთი იყო 2015 წლის ბოლოს ენერგოსისტემაზე მიტანილი კიბერიერიში, რამაც დასავლეთ უკრაინის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა რუსეთი ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უარყოფდა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები რუსეთს ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევენ. უკრიანული გამოცემა „კიევ-პოსტის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ ამ თავდასხმის მოწყობაშიც რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს იყო „ქრიფტოლოქერი“ – „ვონაქრაის“ მსგავსი ვირუსი. ამ უკანასკნელმა მაისში 150-ზე მეტ ქვეყანაში 200 000-ზე მეტი კომპიუტერი დააზიანა. ვირუსი ამ კომპიუტერებში დაცულ მონაცემებს ბლოკავს და აკონტროლებს, სანამ თითოეული მათგანიდან კონკრეტული რაოდენობის თანხა არ ირიცხება. ამ ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას. „ამ თავდასხმის მიზანი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაა“, - დაწერა გერაშჩენკომ „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც ასევე დასძინა, რომ ეს თავდასხმები სავარაუდოდ რუსეთიდან მოდის. „ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა გერაშჩენკომ ერთ-ერთი უკრიანული ტელევიზიის ეთერში. მისი თქმით, თავდასხმა კომპიუტერულ ვირუსს ჰგავს, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში იტვირთებოდა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში. „კომპიუტერებში წინასწარ შეყვანილი ვირუსი დღეს გააქტიურდა. ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდნარეობს, ვფიქრობ, სპეციალური სამსახურები, კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი და პოლიცია მალე გააკრვევენ, როგორ შეაღწია ამ ვირუსმა ჩვენს კომპიუტერებში და ვიპოვით გზას, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“, - განაცხადა გერაშჩენკომ. უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა კი დღევანდელ თავდასხმას უკვე უწოდა „უპრეცედენტო“, თუმცა განმარტა, რომ საკვანძო მნიშვნელობის IT სისტემები არ დაზარალებულა. „ჩვენი IT ექსპერტები იცავენ სტრატეგიულ ინფრასტუქტურას, მნიშვნელოვანი სისტემები არ დაზარალებულა“ - დაწერა მან „ფეისბუქის“ გვერდზე. სხვადასხვა ცნობით, შეფერხებულია მუშაობა კიევის ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტებშიც, მეტროს სისტემაში ბარათით გადახდის სისტემა არ მუშაობს, შეზღუდულია ავტოგასამართი სადგურების რამდენიმე ქსელისა და ფოსტის მუშაობა. დღის ბოლომდე ყველა კომპიუტერი გათიშა „კიივსტარმაც“. „უკრტელეკომმა“ დაადასტურა, რომ მათი კომპიუტერები ვირუსმა დააზიანა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ასევე დაზარალდნენ „სბერბანკი“, „უკრსოტსბანკი“, „უკრგასბანკი,OTP ბანკი და „პრივატ ბანკი“. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დღესვე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა ბრიტანეთიც. ბრიტანული WPP - უდიდესი მულტინაციონალური სარეკლამო და პიარკომპანია ერთ-ერთია იმ დიდ კორპორაციებს შორის, რომელთა ოპერაციებიც მნიშვნელოვნად შეფერხდა. BBC-ის ცნობით კი, დაზარალდნენ რუსული ნავთობგიგანტი „როსნეფტი“ და დანიის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია A.P. Moller-Maersk, რომელთაც პრობლემები აქვთ ინგლისსა და ირლანდიაში მდებარე ოფისებშიც კი. „შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ კიბერთავდასხმის გამო „მაერსკის“ IT სისტემები დაზიანებულია არაერთ სხვადასხვა ლოკაციაზე, ვაგრძელებთ მდგომარეობის შეფასებას, რათა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი ოპერაციებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ „ტვიტერის“ ანგარიშზე. მათ დაადასტურეს, რომ ბიზნესის ყველა მიმართულებითაა შექმნილი შეფერხებები, როგორც სათავო ოფისში ისე, საზღვარგარეთ მიმდინარე ოპერაციებზეც. ესპანური მედიასაშუალებები კი იტყობინებიან, რომ თავდასხმამ ასევე დააზიანა ისეთი მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების ოფისები, როგორებიცაა კვების სფეროს გიგანტი „Mondelez“ და იურიდიული კომპანია „DLA Piper“. პრობლემები აქვს ფრანგული სამშენებლო მასალების კომპანია St Gobain-ის ქსელსაც. ერთი საერთაშორისო კორპორაციის დაზარალებას ადასტურებს ნორვეგიის მთავრობაც, თუმცა მის სახელს არ ამჟღავნებს.