უკრაინული ვებგვერდი, სავარაუდოდ, გვარამიასა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს

 
უკრაინული საიტი Українська революція სავარაუდოდ საქართველოს ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, ასევე სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს. პირველ აუდიოჩანაწერში გვარამია და სააკაშვილი „რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, სადაც ექსპრეზიდენტი ტელეკომპანიის დირექტორს „რევოლუციორი სცენარით წასვლისკენ" მოუწოდებს. „უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, ხალხს უნდა მოუწოდოთ დაცვისკენ. გააკეთეთ ბარიკადები. მოიმარაგოთ წყალი.. ჩვეულებრივად უნდა იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი. გარშემო უნდა დააწყოთ დიდი ბარიკადები. რკინები, ისინი ესენი უნდა დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. დაცვის ხაზი, კარვები. სხვა გზა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაყოთ და ა.შ. ახლავე უნდა დაიწყოთ მშენებლობა. შემდეგი სცენარი იქნება შემოსვლა და აღება. ეს არ უნდა დაუშვათ, 1500-2000 კაცს ყოველთვის იშოვით რომ გაამაგროთ, როგორც კი გამაგრდება ერთი კვირა, ძან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, ვინც დაიცავენ, თორემ აუცილებლად სროლით დამთავრდება" - ამბობს პირი, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილია. გვარამიას თქმით კი თანამშრომლები დაბნეულები არიან და „აღსრულების ნაწილის ეშინიათ".  „გასაგებია, გავიგე. მე შემოსავალში გამიჭირდება და უნდა დამეხმაროთ" - ამბობს პირი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიაა. მოგვიანებით, ნიკა გვარამია აუდიოჩანაწერებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა: „როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო? :) big brother is watching/listening/etc us :) ps ვაიბერია ეს, btw" - წერს გვარამია.  21 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.