უმრავლესობა უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატზე პრეზიდენტს აღარ შეხვდება - თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ისინი უიმედოდ არიან განწყობილნი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს.
„ჩვენი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, არის პესიმისტური. წარსულმა გვაჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებებში კონსულტაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონია არც ერთ შემთხვევაში - როგორც წესი, პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში თავის თანამშრომლებს ნიშნავდა.
როდესაც პარლამენტის მხრიდან შეფასებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კინკლაობად მიიჩნევს - გაუგებარია, მაშინ წინასწარი კონსულტაციები რა შედეგის მისაღწევად ტარდება? აზრს კარგავს ამ პროცესში შესვლა და კონსულტაციები, ვიდრე კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები გაიმართება.
„ეს კონსულტაციები შედგება. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, არის გარკვეული პესიმიზმი, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.