უსუფაშვილი: არა მგონია, „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის რამე პრობლემა იყოს
არა მგონია, „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის რამე პრობლემა იყოს - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა .
მისი თქმით, ეს საკითხი კოალიციურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს და ასეც იქნება არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
„ეს საკითხიც ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება და ამ პროცესში არა რომელიმე პირი ან პარტია, არამედ ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან გამარჯვებულები" - თქვა უსუფაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის თქმით, დეპუტატი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ კამპანიას" მიმართავს.
როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" წევრებისგან პასუხს მოელის, თუ რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ საქმიანობის გაგრძელება ფრაქციაში გოგი თოფაძის თავმჯდომარეობის პირობებში.
„პასუხს მოველი პარტიის ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძისგან, თუ რას ფიქრობს თოფაძის ასეთ განცხადებებზე... თოფაძემ გუშინ, „ობიექტივში" გამოსვლისას „რესპუბლიკური პარტიის" წინაღმდეგ კამპანია სცადა. პერსონალურად თინა ხიდაშელია მისი სამიზნე და კოალიციის სახელით მოვითხოვ ამას. გამიკვირდა ძალიან, რომ ჩემი კოლეგა გია ვოლსკი გამობრძანდა და საერთოდ არ შეეხო ამ თემას. ალბათ, ჟურნალისტებთან აპირებს უფრო მსუყედ ამაზე ლაპარაკს", - თქვა ბერძენიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის თავდაცვის მინისტრს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, სიმართლეს არ შეესაბამება.