უსუფაშვილი: დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების
საქართველოს პარლამენტში მთავრობის პროგრამის მოსასმენად პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.
როგორც გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღის ბოლოს კი სხდომაზე მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს ეყრება კენჭი.
ცნობილია, რომ საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. როგორც „თავისუფალ დემოკრატებსა" და „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განხორციელდა, რაც შინაარსობრივად არაფერს ცვლის.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა.
კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.